+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

​​ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა​

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა არის ნებართვა, რომელიც პოლონეთში მუდმივ ბინადრობის უფლებას იძლევა. გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. თავად ბინადრობის ბარათი (კარტა პობიტუ) მოქმედებს 5 წლის ვადით, რაც ნიშნავს, რომ ბარათის გამოცვლა ხდება ყოველ 5 წელიწადში. ბარათის გამოცვლა შესაძლებელია ცალკეული ადმინისტრაციული პროცედურის ფარგლებში.  ნებართვის მისაღებად განაცხადის ხელახლა წარდგენა და პროცედურის ხელახლა გავლა არ არის საჭირო. 

ეს ნებართვა იძლევა პოლონეთში შრომის საშუალებას დამატებითი დოკუმენტების მოპოვების გარეშე. იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია უცხოელს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამუშაოს შესრულება  პოლონეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, აუცილებელია შემოწმდეს თუ როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი იმ ქვეყნის კანონით, სადაც უცხოელი აპირებს მუშაობას. 

პოლონეთის მიერ გაცემული ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა (ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ბარათი) შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში მოგზაურობის საშუალებას იძლევა. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე უცხოელის შენგენის სხვა ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის პერიოდში. თუ უცხოელი აპირებს მოცემულ ქვეყანაში დარჩენას 90 დღეზე მეტი ვადით, იგი ვალდებულია მოიპოვოს ბინადრობის ნებართვა ამ ქვეყანაში მოქმედი კანონის მიხედვით. 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინდარობის ნებართვის მინიჭების გარემოებები/პირობები 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინდარობის ნებართვა შეიძლება მიენიჭოს უცხოელს, რომელიც: 

  1. იმყოფებოდა პოლონეთში ლეგალურად და უწყვეტად მინიმუმ 5 წლის განმავლობაში (რა არის უწყვეტი ბინადრობა->?); 
  2. უშუალოდ განაცხადის წარდგენამდე 3 წლის განმავლობაში ფლობდა (და ფლობს) სტაბილურ და რეგულარულ შემოსავლის წყაროს პოლონეთში(ლურჯი ბარათის მქონე პირების შემთხვევაში, სტაბილური და რეგულარული შემოსავალის წყაროს ფლობა აუცილებელია უშუალოდ განაცხადის წარდგენამდე 2 წლის გვანმავლობაში); 
  3. ფლობს ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  4. აქვს გარანტირებული საცხოვრებელი ადგილი; 
  5. წარმოადგენს საცხოვრებელ ადგილზე დროიბითი რეგისტრაციის დამადასტურებელ საბუთს ან მოწმობას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია; 
  6. ფლობს პოლონური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს (მინიმუმ B1 დონეზე). 

 

 

პროცედურა და დოკუმენტები 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინდარობის ნებართვის მოპოვების პროცედურას წარმართავს უცხოელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უფლებამოსილი სავოევოდო სამსახური. 

განაცხადი უნდა წარმოადგინოს პოლონეთში ლეგალურად მცხოვრებმა უცხოელმა არა უგვიანეს ლეგალური ყოფნის ბოლო დღისა (მაგალითად, დროებითი ბინადრობის ბარათის ან ვიზის მოქმედების ბოლო დღეს). 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენის დროს, აუცილებელია განაცხადს თან დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: 

  1. პოლონურ ენაზე შევსებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის განაცხადის 2 ეგზემპლარი (განაცხადის ფორმა იხილეთ აქ: https://www.gov.pl/web/uw-mazowiecki/zezwolenie-na-pobyt-rezydenta-dlugoterminowego-ue-dokumenty) 
  2. უცხოური პასპორტის დედანი (შემოწმების მიზნით ) და მისი იმ გვერდების ორი ქსეროასლი, რომლებზეც დატანილია ბეჭდები, ანოტაციები და ჩანაწერები (ცარიელი გვერდების გარდა); 

 

ყურადღება! განაცხადის წარდგენისას წარმოდგენილი უნდა იყოს პასპორტის დედანი. განმცხადებელს პასპორტი დაუბრუნდება იმავე ვიზიტის დროს. საქმის განმხილველი სამსახურის ოფისში პასპორტის დატოვება პროცედურის არცერთ ეტაპზე არ არის აუცილებელი. 

      3. ​მოთხოვნების შესაბამისი 4 ახალი ფოტოსურათი; 

      4. ​პოლონეთის ტერიტორიაზე აუცილებელი 5 – წლიანი კანონიერი და უწყვეტი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ., წინა პასპორტის ასლი ვიზებით და პოლონეთში შემოსვლისა და გასვლის დამადასტურებელი შტამპებით - დედანი წარმოდგენილი უნდა იყოს შემოწმების მიზნით). 

      5. ​განაცხადში შეტანილი ინფორმაციის/მონაცემების დამატასტურებელი  დოკუმენტები და ასევე ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების დამადასტურებელი საბუთები- მათ შორის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ: 

  • - ​ამჟამად და ბოლო სამი წლის განმავლობაში მასზე ფინანსურად დამოკიდებულ პირთა რაოდენობას (უცხოელის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია მასზე ფინანსურად დამოკიდებულ პირთა რაოდენობის თაობაზე); 
  • - ​სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყაროს არსებობას (მაგალითად: შრომითი ხელშეკრულებები და PIT-37/PIT-11 საგადასახადო დეკლარაციები, შესაბამის საგადასახადო სამსახურში მათი წარდგენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად); 
  • ​- ჯანმრთელობის დაზღვევა (მაგ. მოქმედი ZUS RCA დეკლარაცია ZUS-ში დოკუმენტის გაგზავნის დამადასტურებელ საბუთთან ერთად); 

     6. ​პოლონეთში საცხოვრებელი ადგილის კანონიერად დაკავების/ფლობის დამადასტურებელი საბუთი (მაგ., ქირავნობის ხელშეკრულება და ა.შ.). 

ყურადღება! საცხოვრებელი ადგილის თხოვების ხელშეკრულება (umowa użyczenia) არ მიიჩნევა საცხოვრებლის კანონიერად დაკავების დამადასტურებელ საბუთად, თუ მთხოვებელი არ არის უცხოელის წინაპარი, მეუღლე, მეუღლის მშობელი ან უცხოელის და ან ძმა. 

     7. ​პოლონური ენის ცოდნის სახელმწიფო სერთიფიკატი; 

 

ყურადღება! 2023 წლის 24 ივნისს ძალაში შედის 2023 წლის 31 მაისის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს დებულება პოლონური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატების ჩამონათვალის შესახებ, რომელიც ადასტურებს ენის ცოდნას, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად. დოკუმენტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

 

     8. ​საფასურის გადახდის ქვითარი 

ყურადღება! სავოევოდო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში/პასპორტში სვამს ბეჭედს/შტამპს, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის თაობაზე განაცხადის  დროულად წარდგენას (ყველა აუცილებელი დოკუმენტის თან დართვით). აღნიშნული ბეჭდის საფუძველზე პოლონეთში ყოფნა ითვლება კანონიერად (მაშინაც კი, თუ ვიზის ან წინა ბინადრობის ბარათის მოქმედების ვადა ამოიწურება) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე და უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, იმ დღემდე, როდესაც მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება გახდება საბოლოო. 

ბეჭედი/შტამპი (თუ ეს პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ერთადერთი საფუძველია) არ იძლევა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში მოგზაურობის უფლებას. შტამპის საფუძველზე, (რომელიც პოლონეთში კანონიერად ყოფნას ადასტურებს), უცხოელს შეუძლია გაემგზავროს წარმოშობის ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული შტამპის საფუძველზე ვერ შეძლებს პოლონეთში დაბრუნებას/ შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას  (პოლონეთში ხელახლა შესვლისთვის აუცილებელია ვიზა - ეხება უვიზო მიმოსვლის არმქონე ქვეყნების მოქალაქეებს) 

საფასური 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფასური (აუცილებელია წარდგენისთანავე განაცხადს თან დაერთოს გადახდის ქვითარი) შეადგენს 640 ზლოტს. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში (პროცედურის შეჩერების ან განაცხადის არ განხილვის შემთხვევაში), უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე, გადასახადი ანაზღაურდება/უკან დაუბრუნდება განმცხადებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უცხოელმა დამატებით უნდა გადაიხადოს ბინადრობის ბარათის (კარტა პობიტუს) საფასური - 50 ზლოტი. 

საფასურის გადახდა შესაძლებელია იმ სავოევოდო სამსახურის ოფისის სალაროში, რომელიც განიხილავს განაცხადს. საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია შესაბამისი სავოევოდო სამსახურის საბანკო ანგარიშზე. ანგარიშის ნომრის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ უშუალოდ სავოევოდო სამსახურის ოფისში ან ვებგვერდზე www.gov.pl (იმ სავოევოდო სამსახურის არჩევის შემდეგ, სადაც გეგმავთ განაცხადის წარდგენას). 

პროცედურის ხანგრძლივობა 

გადაწყვეტილების გამოტანის დრო დამოკიდებულია საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე.  

კანონის თანახმად, უცხოელისთვის ნებართვის მინიჭების პროცედურა უნდა დასრულდეს განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა.  

თუ სავოევოდო სამსახური დროულად არ განიხილავს საკითხს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს უცხოელს, განმარტოს შეფერხების მიზეზები და მიუთითოს საკითხის განხილვის ახალი ვადა. 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინდარობის ნებართვის მოქმედების ვადა 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინდარობის ნებართვა  მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუმცა ბინადრობის ბარათის (კარტა პობიტუს) შეცვლა აუცილებელია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ახალი ბინადრობის ბარათის გაცემის თაობაზე განაცხადი უნდა გაკეთდეს წინა ბინადრობის ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 დღისა. 

გასაჩივრების პროცედურა 

ვოევოდას გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უცხოელს შესაძლებლობა აქვს გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავაში უცხოელ მოქალაქეთა საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან (UDSC). გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების გამომტანი სავოევოდო სამსახურის შუამავლობით. წერილობითი საჩივრები წარდგენილი უნდა იქნას გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სააპელაციო საქმის წარმოების ხანგრძლივობა შეაგენს 2 თვეს. UDSC-ს უფროსის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა არ ახდენს ბინადრობის ლეგალიზაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ უცხოელი არ ფლობს სხვა მოქმედ დოკუმენტს, რომელიც მას პოლონეთში ბინადრობის უფლებას აძლევს, იგი ვალდებულია, დატოვოს პოლონეთი. 

საქმის წარმოების დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები 

უცხოელს არ შეუძლია ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის დაწყება და არც ამ ნებართვის მიღება თუ იგი: 

  1. პოლონეთში იმყოფება: 
  • ​- კანონიერი ბინადრობისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე (ანუ არალეგალურად); 
  • - ​შენგენის ვიზის საფუძველზე, რომელიც მას მხოლოდ პოლონეთში შესვლის და ყოფნის ნებართვას აძლევს, რომელიც გაიცა ჰუმანიტარული მიზეზების გამო; 
  • - ​სწავლის ან პროფესიული კურსის გავლის მიზნით; 
  • - ​პოლონეთში სწავლის დაწყების ან გაგრძელების მიზნით; 
  • - ​ჰუმანიტარული მიზეზებით ბინადრობის ნებართვის, დასაშვები ყოფნის ნებართვის(zgoda na pobyt tolerowany), თავშესაფარის(azyl) ან დროებითი დაცვის (ochrony czasowa) მოპოვების საფუძველზე; 
  • - ​დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, პოლონეთში მოკლევადიანი ყოფნის გარემოებებიდან გამომდინარე; 
  • - ​დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, დამსაქმებლის მიერ დელეგირების/სამუშაოს სხვა ადგილზე შესრულების მიზნით, ან დროებითი ბინადრობის ნებართის საფუძველზე გრძელვადიანი მობილობის მიზნით, ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, პოლონეთში მოკლევადიანი ყოფნის გარემოებებიდან გამომდინარე; 
  • - ​სასაზღვრო ზონაში გადაადგილების ნებართვის საფუძველზე. 

      2. ​არის დამსაქმებლის მიერ დელეგირებული/მივლინებაში გაგზავნილი პირი ტრანსსასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით ან მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო მომსახურებას; 

      3. ​იგი იმყოფება დაცულ ცენტრში ან უცხოელთა დაკავების იზოლატორში ან მას ეკრძალება ქვეყნის დატოვება; 

      4. ​იგი იხდის სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ან არის დაკავებული, 

      5. ​დაეკისრა ქვეყნიდან გასვლის ვალდებულება და გადაწყვეტილებაში განსაზღვრული ნებაყოფლობითი დაბრუნების ვადა ჯერ არ გასულა, აგრეთვე ამ ვადის გახანგრძლივებიშ შემთხვევაში; 

      6. ​დაეკისრა პოლონეთის დატოვების ვალდებულება (დეპორტი); 

      7. ​იმყოფება პოლონეთის გარეთ; 

      8. ​არ ჩაუბარებია თითის ანაბეჭდები ბინადრობის ბარათის გაცემის მიზნით. 

 

ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 

უცხოელი ვერ მიიღებს ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვას, თუ იგი: 

  • - ​არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს; 
  • - ​ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან პოლონეთის ინტერესების დაცვისთვის; 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაუქმება 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაუქმება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: 

  1. ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვება მოხდა არაკანონიერად; 
  2. უცხოელი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავდაცვას ან უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას; 
  3. უცხოელმა დატოვა პოლონეთი 6 წელზე მეტი ვადით; 
  4. უცხოელმა დატოვა ევროკავშირის ტერიტორია: 

ა) 12 თანმიმდევრული თვით, 

ბ) 24 თანმიმდევრული თვით, თუ მას ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა ისეთი სამუშაოს შესრულების მიზნით, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს ან არის უცხოელის ოჯახის წევრი, რომელიც ფლობდა მსგავს ნებართვას. 

      5. ​უცხოელმა მოიპოვა ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე; 

    6. ​უცხოელს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა, თუ ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცა პოლონეთში ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის საფუძველზე ცხოვრებიდან გამომდინარე. 

ყურადღება! ევროკავშირის გრძელვადიან ბინადრობის ნებართვას მოქმედების ვადა ავტომატურად ეწურება პოლონეთის მოქალაქეობის მიღების დღიდან. 

 

იურიდიული საფუძველი 

2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელთა შესახებ (Dz.U. z 2020 r. poz. 35). 

პოლონეთში უწყვეტად ცხოვრების/ყოფნის დადასტურება 

ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის აუცილებელი უწყვეტად ყოფნა. 

უცხოელის პოლონეთში ცხოვრება ითვლება უწყვეტად, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე მისი არყოფნის ხანგრძლივობა: 

  1. არ არის 6 თვეზე მეტი და არყოფნის მთლიანი პერიოდი არ აღემატება ჯამში 10 თვეს 5 წლის განმავლობაში; 
  2. არ არის 12 თვეზე მეტი და არყოფნის მთლიანი პერიოდი არ აღემატება ჯამში 18 თვეს 5 წლის განმავლობაში - ეს ეხება მხოლოდ უცხოელს, რომელიც ცხოვრობდა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ისეთი სამუშაოს შესრულების მიზნით, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს  (ე.წ. ლურჯი ბარათი); 

უცხოელის პოლონეთში ყოფნა ითვლება ასევე უწყვეტად, თუ არყოფნა/წყვეტა გამოწვეული იყო: 

  1. პოლონეთის საზღვრებს გარეთ პროფესიული მოვალეობის შესრულება იმ დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაფუძნებულია პოლონეთში; 
  2. აღნიშნულ უცხოელთან ერთად მისი მეუღლის ან არასრულწლოვანი შვილის ყოფნით; 
  3. უცხოელის განსაკუთრებული პირადი სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც მოითხოვს მის პოლონეთის საზღვრებს გარეთ ყოფნას, თუ პოლონეთში არყოფნა გრძელდებოდა 6 თვეზე მეტი ხნით; 
  4. საზღვარგარეთ სტაჟირებით ან პოლონეთის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით(საზღვარგარეთ). 

პოლონეთში 5 წლიანი ყოფნის გამოთვლისას, ჩამოთვლილი ბინადრობის პერიოდები ითვლება როგორც ნახევარი: 

  1. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის(საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე) მიზნით გაცემული ვიზის საფუძველზე ყოფნის პერიოდი; 
  2. პროფესიული კურსის გავლის მიზნით გაცემული ვიზის საფუძველზე ყოფნის პერიოდი; 
  3. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის(საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე) მიზნით გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ყოფნის პერიოდი; 
  4. პროფესიული კურსის გავლის მიზნით გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ყოფნის პერიოდი; 
  5. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის პერიოდი (იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის ხანგრძლივობა აღემატება 18 თვეს, ის მთლიანად ითვლება პოლონეთში 5 წლიანი ყოფნის პერიოდში) 

 

პოლონეთში 5 წლიანი ყოფნის გამოთვლისას არ ითვლება პოლონეთში ბინადრობის პერიოდები, რომლის განმავლობაშიც უცხოელი: 

  1. არის დამსაქმებლის მიერ დელეგირებული პირი ტრანსსასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით ან მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო მომსახურებას (როდის შეიძლება ჩაითვალოს მომსახურების მიწოდება როგორც ტრანსსასაზღვრო?); 
  2. პოლონეთში იმყოფებოდა ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე (სახელმწიფოს ინტერესებიდან ან საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომომდინარე) გაცემული შენგენის ვიზის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ პოლონეთში შესვლის და ყოფნის ნებართვას იძლევა;  
  3. იყო სკოლის მოსწავლე პოლონეთში; 

ყურადღება! მიგრაციის რეგულაციების თანახმად, მე-3 პუნქტში აღნიშნული განათლების მსგავსად (სკოლაში სწავლის მსგავსად), პოლონეთში 5  წლიანი ყოფნის პერიოდის გამოთვლისას არ ჩაითვლება დაუსწრებელ/საღამოს კურსებზე სწავლის პერიოდი (ეხება განათლების შემდეგ საფეხურებს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამა და უმაღლესი განათლების სხვა ფორმები). 

      4. ​იყო ვალდებული გასულიყო ქვეყნიდან და გადაწყვეტილებაში განსაზღვრული ნებაყოფლობითი დაბრუნების ვადა ჯერ არ გასულა (აგრეთვე ამ ვადის გაგრძელების შემთხვევაში); 

      5. ​იყო ვალდებული დაეტოვებინა პოლონეთი (შემდეგი გადაწყვეტილებების საბოლოოდ გახდომის დღიდან, ან ზემდგომი ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 30 დღის ვადაში: შენგენის ვიზის ან ეროვნული ვიზის გაგრძელებაზე უარის თქმის, დროებითი ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ან დროებითი ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაუქმების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ან დამატებით დაცვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების, ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან ლტოლვილის სტატუსის ან დამატებით დაცვის ჩამორთმევის ან ჰუმანიტარული მიზეზებით დარჩენაზე თანხმობის გაუქმების გადაწყვეტილების); 

     6. ​იყო უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წევრი; 

     7. ​პოლონეთში იმყოფებოდა დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაცემულია დამსაქმებლის მიერ დელეგირების/სამუშაოს სხვა ადგილზე შესრულების მიზნით, ან დროებითი ბინადრობის ნებართის საფუძველზე გრძელვადიანი მობილობის მიზნით, ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, პოლონეთში მოკლევადიანი ყოფნის გარემოებებიდან გამომდინარე; 

     8. ​იმყოფება ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურაში - თუ პროცედურა დასრულდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმით; 

     9. ​პოლონეთში იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში გადაადგილების ნებართვის საფუძველზე. 

 

ლურჯი ბარათი 

თუ უცხოელი ლეგალურად და უწყვეტად იმყოფებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ე.წ. ლურჯი ბარათის საფუძველზე, პოლონეთში ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, აუცილებელი 5 წლიანი ყოფნის პერიოდის გამოთვლისას ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის მთლიანი პერიოდი სრულად ჩაითვლება. მნიშვნელოვანია! ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე, უცხოელი უნდა ცხოვრობდეს პოლონეთში, პოლონეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ლურჯი ბარათის საფუძველზე სულ მცირე 2 წლის განმავლობაში. 

შეაფასეთ

What is the sum of 9 and 9?