+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

​​მუდმივი ბინადრობის ნებართვა​

გადაწყვეტილება მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. თავად ბინადრობის ბარათი (კარტა პობიტუ) მოქმედებს 10  წლის ვადით, რაც ნიშნავს, რომ ბარათის გამოცვლა ხდება ყოველ 10  წელიწადში. ბარათის გამოცვლა შესაძლებელია ცალკეული ადმინისტრაციული პროცედურის ფარგლებში.  ნებართვის მისაღებად განაცხადის ხელახლა წარდგენა და პროცედურის ხელახლა გავლა არ არის საჭირო. 

აღნიშნული ნებართვა იძლევა პოლონეთში შრომის საშუალებას დამატებითი დოკუმენტების მოპოვების გარეშე. პოლონეთში გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ იძლევა სხვა ქვეყნის (გარდა პოლონეთისა) ტერიტორიაზე სამუშაოს შესრულების უფლებას. 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის (მუდმივი ბინადრობის ბარათის) საფუძველზე შესაძლებელია შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში გადაადგილება. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე უცხოელის შენგენის სხვა ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის პერიოდში. თუ უცხოელი აპირებს მოცემულ ქვეყანაში დარჩენას 90 დღეზე მეტი ვადით, იგი ვალდებულია მოიპოვოს ბინადრობის ნებართვა ამ ქვეყანაში მოქმედი კანონის შესაბამისად. 

მუდმივი ბინდარობის ნებართვის მინიჭების გარემოებები/პირობები 

მუდმივი ბინდარობის ნებართვა შეიძლება მიენიჭოს უცხოელს, რომელიც: 

  1. არის პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შვილი და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ და რომელიც: 

ა) დაიბადა მას შემდეგ, რაც მისმა მშობელმა მიიღო პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, ან 

ბ) დაიბადა იმ დროს, როდესაც მისი მშობელი პოლონეთში იმყოფებოდა მოქმედი დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო ბინადრობის ნებართვის ან დასაშვები ყოფნის ნებართვის(zgoda na pobyt tolerowany), ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან დამხმარე დაცვის საფუძველზე; 

      2. არის პოლონეთის მოქალაქის შვილი და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ; 

      3. ​არის პოლონური წარმომავლობის მქონე პირი და აპირებს, მუდმივად დასახლდეს პოლონეთში; 

      4. ​მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 წლის განმავლობაში იმყოფება პოლონეთის კანონმდებლობით აღიარებულ ქორწინებაში პოლონეთის მოქალაქესთან და უშუალოდ განაცხადის წარდგენამდე მუდმივად/უწყვეტად ცხოვრობდა პოლონეთის ტერიტორიაზე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც მან მიიღო პოლონეთის მოქალაქეზე ქორწინების საფუძველზე ან ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე დარჩენის ნებართვის მიღების საფუძველზე. 

      5. არის ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლი: 

ა) ტრეფიკინგის მსხვერპლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობდა პოლონეთში, უშუალოდ განაცხადის წარდგენამდე სულ მცირე 1 წლის განმავლობაში; 

ბ) თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში; 

გ) აქვს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების საფუძვლიანი შიში, რაც დადასტურებულია საქმის მწარმოებელი პროკურორის მიერ; 

      6. მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების წარდგენამდე, უწყვეტად ცხოვრობდა პოლონეთში, სულ მცირე 5 წლის განმავლობაში ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო დარჩენის ნებართვის საფუძველზე; 

      7. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენამდე უწყვეტად ცხოვრობდა პოლონეთში სულ მცირე 10 წლის ვადით, დასაშვები ყოფნის ნებართვის(zgoda na pobyt tolerowany) საფუძველზე, რომელიც გაიცა: 

ა) თუ უცხოელის ქვეყნიდან გაძევება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც: 

  • - საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლებას, ან 
  • - უცხოელს ემუქრება წამება ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი ან 
  • - უცხოელს შეიძლება აიძულონ შრომა ან 
  • - უცხოელს შეიძლება ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება ან დაისაჯოს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 

ბ) უცხოელის გაძევება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც გაძევება დასაშვებად ცნო სასამართლომ ან იუსტიციის მინისტრმა. 

     8. ფლობს მოქმედ პოლონელის ბარათს (კარტა პოლაკა) და აპირებს მუდმივად დასახლებას პოლონეთში ან 

     9. რომელსაც მიენიჭა თავშესაფარი პოლონეთში. 

    10. აქვს სტაბილური და რეგულარული შემოსავლის წყარო და განაცხადის წარდგენამდე უწყვეტად იყო პოლონეთში სულ მცირე 4 წლის განმავლობაში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაცემულია პოლონეთის ეკონომიკისთვის სასურველ პროფესიაში სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით (პროფესიების ჩამონათვალი მითითებულ იქნება ცალკე დებულებაში). 

პროცედურა და დოკუმენტები 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცედურა მიმდინარეობს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სავოევოდო სამსახურში (Urząd Wojewódzki). გადაწყვეტილება უცხოელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ გაიცემა 6 თვის ვადაში. 

განაცხადი უნდა წარმოადგინოს პოლონეთში ლეგალურად მცხოვრებმა უცხოელმა, არა უგვიანეს ლეგალური ყოფნის ბოლო დღისა (მაგალითად, დროებითი ბინადრობის მოწმობის ან ვიზის მოქმედების ბოლო დღეს). 

დოკუმენტების ძირითადი ნაკრები, რომელიც აუცილებელია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სრული განაცხადის წარსადგენად: 

  1. პოლონურ ენაზე შევსებული მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადის 2 ეგზემპლარი (განაცხადის ფორმა იხილეთ აქ: https://www.gov.pl/web/uw-mazowiecki/zezwolenie-na-pobyt-staly-dokumenty ); 
  2. უცხოური პასპორტის დედანი (შემოწმების მიზნით ) და მისი იმ გვერდების ორი ქსეროასლი, რომლებზეც დატანილია ბეჭდები, ანოტაციები და ჩანაწერები (ცარიელი გვერდების გარდა); 

ყურადღება! განაცხადის წარდგენისას წარმოდგენილი უნდა იყოს პასპორტის დედანი. განმცხადებელს პასპორტი დაუბრუნდება იმავე ვიზიტის დროს. საქმის განმხილველი სამსახურის ოფისში პასპორტის დატოვება პროცედურის არცერთ ეტაპზე არ არის აუცილებელი. 

      3. მოთხოვნების შესაბამისი 4 ახალი ფოტოსურათი; 

      4. განაცხადში შეტანილი ინფორმაციისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულების დამატასტურებელი  დოკუმენტები  

      5. საფასურის გადახდის ქვითარი 

განაცხადს ასევე უნდა დაერთოს: 

  1. პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე პოლონეთში მყოფი უცხოელის არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში, რომელიც უცხოელის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება და რომელიც დაიბადა მას შემდეგ, რაც მისმა მშობელმა მოიპოვა მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა:
  • - დაბადების მოწმობა; 
  • - კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ან ბინადრობის ბარათის (კარტა პობიტუს)ასლი. 
  1. პოლონეთის მოქალაქის შვილის შემთხვევაში, რომელიც მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება:
  • - დაბადების მოწმობა; 
  • - კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი; 
  1. პოლონური წარმომავლობის შემთხვევაში:
  • - დედანი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ რომ ის არის პოლონელი ეროვნების, ან რომ მისი ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან არიან პოლონური ეროვნების; 
  • - პოლონური წარმომავლობის მქონე პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (პოლონური წარმოშობის დამადასტურებელი საბუთების ქსეროასლების წარდგენის შემთხვევაში, აპოსტილით დამოწმებული ასლები). 
  1. პოლონეთის მოქალაქეზე დაქორწინების შემთხვევაში:
  • - ქორწინების მოწმობის ასლი (გაცემული არა უგვიანეს 3 თვით ადრე ); 
  • - მეუღლის პირადობის მოწმობის ასლი; 
  • - საერთო შვილების ყოლის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლები; 
  • - სახელმწიფო ხაზინის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ცნობა; 
  1. ტრეფიკინგის მსხვერპლთა შემთხვევაში:
  • - დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებენ ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულის სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას, ასევე წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების საფუძვლიანი შიშს, რომელიც დადასტურებულია საქმის მწარმოებელი პროკურორის მიერ; 
  1. უშუალოდ განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 5 წლის ვადით პოლონეთში უწყვეტი ყოფნის შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსის, დამხმარე დაცვის ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო ბინადრობის ნებართვის საფუძველზე:
  • - პოლონეთში ხუთწლიანი უწყვეტი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები; 

 

  1. უშუალოდ განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 10 წლის ვადით პოლონეთში უწყვეტი ყოფნის შემთხვევაში,  დასაშვები ყოფნის ნებართვის(zgoda na pobyt tolerowany) საფუძველზე:
  • - პოლონეთში ათწლიანი უწყვეტი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  1. მოქმედი პოლონელის ბარათის (კარტა პოლაკა) ფლობის შემთხვევაში:
  • - მოქმედი პოლონელის ბარათის ასლი, (დედანთან ერთად - შემოწმების მიზნით) 

ყურადღება! პოლონელის ბარათი (კარტა პოლაკა) უნდა დაუბრუნდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სავოევოდო სამსახურს, მუდმივი ბინადრობის ნებართვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღის ვადაში. პოლონელის ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სექციაში "პოლონელის ბარათი". 

  1. პოლონეთში თავშესაფრის მიღების შემთხვევაში:
  • - თავშესაფრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ყურადღება! ზემოხსენებული სია არ არის სრულყოფილი. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი შეიძლება განსხვავდებოდეს უცხოელის მდგომარეობისა და იმ სავოევოდო სამსახურის მიხედვით, სადაც უცხოელმა წარადგინა განაცხადი. 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენისას, განმცხადებელმა უნდა ჩააბაროს თავისი თითის ანაბეჭდები, რომლებიც დაიტანება ბინადრობის ბარათზე. 

ყურადღება! სავოევოდო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში ათავსებს შტამპის ანაბეჭდს, რომელიც ადასტურებს  მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის დროულად წარდგენას (ყველა საჭირო დოკუმენტებთან ერთად, დანაკლისის გარეშე). პოლონეთში აღნიშნული შტამპის საფუძველზე ყოფნა ითვლება კანონიერად (მაშინაც კი, თუ ვიზის ან წინა ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურება) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე.  ნეგატიური გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების საბოლოოდ გახდომამდე. 

პასპორტში შეტანილი შტამპი (თუ ეს პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ერთადერთი საფუძველია) არ იძლევა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში გამგზავრების უფლებას. შტამპის საფუძველზე (რომელიც ადასტურებს პოლონეთში კანონიერ ბინადრობას), უცხოელს შეუძლია წარმოშობის ქვეყანაში გამგზავრება, მაგრამ ვერ შეძლებს პოლონეთში დაბრუნებას/შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ აღნიშნული შტამპის საფუძველზე (პოლონეთში შესასვლელად აუცილებელია ვიზა - იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობა). 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 

მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუმცა, ბინადრობის ბარათის (კარტა პობიტუს) შეცვლა აუცილებელია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. ახალი ბინადრობის ბარათის მისაღებად განაცხადის წარდგენა აუცილებელია ბინადრობის ბარათის ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 დღისა. 

 

პროცედურის ხანგრძლივობა 

გადაწყვეტილების მოლოდინის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე. კანონის თანახმად, უცხოელისთვის ნებართვის გაცემის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ინიცირების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა. თუ სავოევოდო სამსახური დროულად არ განიხილავს საკითხს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს უცხოელს, განუმარტოს შეფერხების მიზეზები და მიუთითოს გადაწყვეტილების გამოტანის ახალი თარიღი. 

გასაჩივრების პროცედურა 

ვოევოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უცხოელს შეუძლია გაასაჩივროს ვარშავაში უცხოელთა ოფისის ხელმძღვანელთან, გადაწყვეტილების გამცემი ვოევოდის მეშვეობით. გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების გამომტანი სავოევოდო სამსახურის შუამავლობით. წერილობითი საჩივრები წარდგენილი უნდა იქნას გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სააპელაციო განხილვისას საქმე უნდა გადაწყდეს საჩივრის მიღებიდან 3 თვის ვადაში. უცხოელთა სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უცხოელს შეუძლია საჩივარი შეიტანოს ადმინისტრაციულ სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა არ ახდენს ბინადრობის ლეგალიზაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ უცხოელი არ ფლობს სხვა მოქმედ დოკუმენტს, რომელიც მას პოლონეთში ბინადრობის უფლებას აძლევს, იგი ვალდებულია, დატოვოს პოლონეთი. 

საფასური 

ევროკავშირში გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფასური (ეს უნდა დაერთოს განაცხადს განაცხადის წარდგენის დროს) არის 640 PLN. ეს საფასური ბრუნდება უცხოელის მოთხოვნით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (პროცედურის შეწყვეტა ან განაცხადის განხილვის გარეშე დატოვება). დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უცხოელმა უნდა გადაიხადოს დამატებით 50 PLN ბინადრობის ბარათის გაცემისთვის. 

პოლონეთის მოქალაქის ბარათის მფლობელები, რომლებიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ითხოვენ პოლონეთის ტერიტორიაზე მუდმივად დასახლების განზრახვასთან დაკავშირებით, თავისუფლდებიან ნებართვის გაცემის საფასურისაგან, რომელიც შეადგენს 640 PLN.  

გადახდა შეიძლება განხორციელდეს ვოევოდის ოფისის სალაროში, სადაც პროცედურა მიმდინარეობს ან გადაირიცხოს შესაბამისი ოფისის ანგარიშზე. ანგარიშის ნომრის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ოფისში ან www.gov.pl-ზე (იმ ვოევოდის ოფისის არჩევის შემდეგ, სადაც შეიტანთ განაცხადს.  

 

საქმის წარმოების დაწყებაზე უარის თქმის საფუძვლები 

უცხოელი ვერ მიიღებს პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვას თუ იგი: 

  1. პოლონეთში იმყოფება: 
  • - კანონიერი ბინადრობისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე (ანუ არალეგალურად); 
  • - შენგენის ვიზის საფუძველზე, რომელიც მას მხოლოდ პოლონეთში შესვლის და ყოფნის ნებართვას აძლევს, რომელიც გაიცა ჰუმანიტარული მიზეზების გამო; 
  • - დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, პოლონეთში მოკლევადიანი ყოფნის გარემოებებიდან გამომდინარე(ამ მხრივ გარკვეული გამონაკლისები ვრცელდება პოლონური წარმომავლობის პირებზე, რომლებიც ამ საფუძველზე ითხოვენ ბინადრობის ნებართვას); 
  • - ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ან 

      2. იმყოფება დაცულ ცენტრში ან უცხოელთა დაკავების იზოლატორში ან მას ეკრძალება ქვეყნის დატოვება; 

      3. იხდის სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ან არის დაკავებული; 

      4. დაეკისრა ქვეყნიდან გასვლის ვალდებულება და გადაწყვეტილებაში განსაზღვრული ნებაყოფლობითი დაბრუნების ვადა ჯერ არ გასულა, აგრეთვე ამ ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში; 

      5. დაეკისრა პოლონეთის დატოვების ვალდებულება (დეპორტი); 

      6. იმყოფება პოლონეთის გარეთ; 

      7. არ ჩაუბარებია თითის ანაბეჭდები ბინადრობის ბარათის გაცემის მიზნით. 

 

ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები 

უცხოელი მიიღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე, თუ იგი: 

  1. არ აკმაყოფილებს მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნებს; 
  2. ფიგურირებს იმ უცხოელთა ჩამონათვალში/სიაში, რომელთა პოლონეთში ყოფნა არასასურველია; 
  3. ფიგურირებს შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS), შესვლის აკრძალვის მიზნით; 
  4. ეს აუცილებელია სახელმწიფო თავდაცვის ან  უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის; 
  5. პოლონეთის ინტერესების დაცვისთვის; 
  6. თუ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის საფუძველია უცხოელის მიერ პოლონეთის მოქალაქესთან რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო ქორწინება რეგისტრირებული იქნა კანონის გვერდის ავლით; 
  7. თუ მან მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადში შეიტანა ცრუ პირადი მონაცემები ან ყალბი ინფორმაცია ან მისცა ცრუ ჩვენება ან დაფარა სიმართლე, ან გამოიყენა გაყალბებული დოკუმენტი; 
  8. თუ მას არ გადაუხდია სავალდებულო გადასახადი სახელმწიფო ხაზინაში. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც  ის კანონის შესაბამისად იქნა გათავისუფლებული გადასახადის გადახდისგან ან გადაუვადდა გადასახადის გადახდა ან დაეკისრა მისი ნაწილ-ნაწილ გადახდა. 
  9. მას არ აუნაზღაურებია მისი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც დაფარული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაუქმება 

მუდმივი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება იქნას ჩამორთმეული, ანუ გაუქმებული. ეს ხდება შემდეგ შემთხვევებში: 

  1. ეს აუცილებელია სახელმწიფო თავდაცვის ან  უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის; 
  2. პოლონეთის ინტერესების დაცვისთვის; 
  3. მუდმივი ნებართვის განაცხადის ფორმა ან თანდართული დოკუმენტები შეიცავდა ყალბ პირად მონაცემებ, ყალბ დოკუმენტებს ან ცრუ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს; 
  4. მუდმივი ბინადრობის ნებართვის განაცხადის წარდგენისას, მისცა ცრუ ჩვენება ან დაფარა სიმართლე, ან გამოიყენა გაყალბებული დოკუმენტი; 
  5. როდესაც პოლონეთში საბოლოო განაჩენით იქნა დამნაშავედ ცნობილი განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მიესაჯა მინიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 
  6. დატოვა პოლონეთი 6 წელზე მეტი ხნით. 

ყურადღება! თუ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი იყო პოლონეთის მოქალაქესთან რეგისტრირებული ქორწინება, ნებართვა შესაძლებელია გაუქმდეს, თუ იგი განქორწინდა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 2 წლის გასვლამდე. 

ყურადღება! მუდმივი ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება (კანონის ძალით),  ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მიღების ან პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვების მომენტში. 

იურიდიული საფუძველი 

2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელთა შესახებ (Dz.U. z 2020 r. poz. 35). 

 

ქვეყანაში უწყვეტი ყოფნა, რომელიც არის უცხოელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი.  

უცხოელის ქვეყანაში ყოფნა, რომელიც უცხოელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს, ითვლება უწყვეტად, როდესაც მასში არც ერთი შეწყვეტა არ იყო 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ყველა წყვეტა არ აღემატებოდა 10 თვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეული იყო: 

  • - პროფესიული მოვალეობების ან სამუშაოს შესრულებით პოლონეთის ფარგლებს გარეთ იმ დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის სათაო ოფისი პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, 
  • - ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებულ უცხოელს თან ახლდა მისი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი, 
  • - განსაკუთრებული პირადი სიტუაციით, რომელიც მოითხოვდა უცხოელის ყოფნას პოლონეთის ფარგლებს გარეთ, თუ პოლონეთში არყოფნა გრძელდებოდა 6 თვეზე მეტხანს, 
  • - გამგზავრება პოლონეთის გარეთ სტაჟირების გავლის ან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, რაც გათვანისწინებული იყო პოლონურ უნივერსიტეტში სწავლის წელს. 

 იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ითხოვს მუდმივი ბინადრობის ნებართვას ლტოლვილის სტატუსის ან შემწყნარებლური ყოფნის ნებართვის საფუძველზე, მისი პოლონეთის ტერიტორიაზე უწყვეტი ყოფნის ვადაში ჩაითვლება ის პერიოდი რომლის დროსაც მიმდინარეობდა სამართალწარმოების პროცესი მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე, მაშინაც კი თუ იმ პერიოდში იმყოფებოდა დაცულ ცენტრში ან უცხოელების დაკავების ცენტრში. 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 6 and 3?