+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

ევროკავშირის მოქალაქეთა ბინადრობის რეგისტრაცია და მუდმივი ბინადრობის უფლება

ევროკავშირის მოქალაქეს (EOG-ს ქვეყნებისა და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების ჩათვლით) შეუძლია დარჩეს პოლონეთში 3 თვემდე ვადით ყოველგვარი რეგისტრაციის საჭიროების გარეშე. ამ დროის განმავლობაში მას თან უნდა ჰქონდეს პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი (მაგ. პასპორტი).

პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 3 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების შემთხვევაში, ევროკავშირის მოქალაქე ვალდებულია დაარეგისტრიროს თავისი ბინადრობა.

განაცხადი ბინადრობის რეგისტრაციის შესახებ პირადად უნდა წარედგინოს ბინადრობის ადგილის შესაბამის ვოევოდას არაუგვიანეს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის დღიდან 3 თვის გასვლის მომდევნო დღეს.

ყურადღება! ზემოაღნიშნული ვადები (3 თვე) არ ვრცელდება ევროკავშირის მოქალაქეზე, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა სამუშაოს ძებნის მიზნით. მსგავს შემთხვევაში ბინადრობის რეგისტრაციის ვადა არ აღემატება 6 თვეს. აღნიშნული ვადის (6 თვის) გასვლის შემთხვევაში, მისი გახანგრძლივება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უცხოელი დაამტკიცებს, რომ იგი აქტიურად განაგრძობს სამუშაოს ძებნას და აქვს დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

ევროკავშირის მოქალაქეს აქვს 3 თვეზე მეტი ხნით ბინადრობის უფლება, თუ იგი შეასრულებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:

  • შრომობს ან არის თვითდასაქმებული პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
  • აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სარჩენად (რათა ტვირთად არ დააწვნენ პოლონეთის სოციალური დახმარების სისტემას) და ასევე ფლობს ჯანმრთელობის სათანადო დაზღვევას.
  • სწავლობს ან გადის პროფესიულ სწავლებას პოლონეთში და აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სარჩენად (რათა ტვირთად არ დააწვნენ პოლონეთის სოციალური დახმარების სისტემას) და ასევე ფლობს ჯანმრთელობის სათანადო დაზღვევას;
  • დაქორწინებულია პოლონეთის მოქალაქეზე.

ყურადღება! პროცედურა უფასოა და რეგისტრაციის ცნობა/მოწმობა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 წლით უწყვეტად ყოფნის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქე იძენს მუდმივი ბინადრობის უფლებას.

პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნა ითვლება უწყვეტად, თუ პოლონეთში არყოფნის დრო წლიურად არ აღემატება ჯამში 6 თვეს. 6 თვეზე მეტი ხნით პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არყოფნა არ ჩაითვლება ბინადრობის პერიოდში წყვეტად თუ ეს გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

  • სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდით;
  • მნიშვნელოვანი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე. კერძოდ - ორსულობა, მშობიარობა, ავადმყოფობა, სწავლა-განათლება, პროფესიული განათლება, მივლინება, რომელიც მოითხოვს პოლონეთის ტერიტორიის გარეთ ყოფნას, იმ პირობით, რომ აღნიშნული პერიოდი არ იქნება 12 თანმიმდევრულ თვეზე მეტი.

 

შეაფასეთ

Please add 9 and 1.