+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

ხშირად დასმული შეკითხვები

  • სასამართლოს ეროვნული რეესტრი არის ცენტრალიზებული ინფორმატიკული მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება სამი ცალკეული რეესტრისგან:

    - მეწარმეთა რეესტრი,

    - ასოციაციების, სხვა სოციალური და პროფესიული ორგანიზაციების, ფონდებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების რეესტრი,

    - გადახდისუუნარო მოვალეთა რეესტრი.

     

    სასამართლოს ეროვნული რეესტრის ამოცანაა უზრუნველყოს სწრაფი და სანდო ინფორმაციის ზოგადი ხელმისაწვდომობა რეგისტრირებული სუბიექტის სამართლებრივი სტატუსის (Centralna Informacja KRS), მისი ფინანსური მდგომარეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებისა და იმის შესახებ თუ რა მეთოდით არის ის წარმოდგენილი.  

     

    რეესტრში შეყვანილ მონაცემებზე წვდომის უფლება აქვს ყველას. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ სასამართლოს ეროვნული რეესტრი შემდეგ მისამართზე: https://wyszukiwarka-krs.ms.gov.pl/

     

    სასამართლოს ეროვნული რეესტრის ცენტრალური ინფორმაცია

    Czerniakowska 100, 00-454 Warszawa

    სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი  8:15-16:15

    ტელ. 880 524 721/ტელ. 22 397 65 15

  • უცხოელის პოლონეთში ბინადრობა უწყვეტია, თუ არცერთი გასვლა ქვეყნიდან არ აღემატება 6 თვეს და ყველა ეს გასვლა არ აღემატება მთლიანობაში 10 თვეს მოცემულ პერიოდში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

     

    - როდესაც ქვეყნიდან გასვლა დაკავშირებული იყო უცხოელის პროფესიულ მოვალეობებთან ან სამუშაოსთან პოლონეთის ფარგლებს გარეთ იმ დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე,

    - ზემოაღნიშნულ უცხოელს თან ახლდა მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი;

    - ან ადგილი აქვს განსაკუთრებულ პირადულ გარემოებას, რომელიც მოითხოვს მის მიერ პოლონეთის ფარგლებს გარეთ ყოფნას არა უმეტეს 6 თვის ვადით;

    - ან უცხოელის გამგზავრება პოლონეთიდან სტაჟირების გასავლელად ან პოლუნური სასწავლებლის საგანმანათლებო პროგრამაში შემავალ ლექციებში მონაწილეობის მისაღებად.

     

     

  • ყველას, ვინც პოლონეთში 30 დღეზე მეტ ხანს რჩება, უნდა ახსოვდეს რეგისტრაციის ვალდებულება. ეს ეხება როგორც პოლონეთის მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს.

    რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია უცხოელის საცხოვრებელი ადგილის კომპეტენტური ქალაქის (მუნიციპალიტეტის) ოფისში. რეგისტრაცია უფასოა, ხოლო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ღირებულება 17 პოლონური ზლოტია. რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა დაუყოვნებლივ.

    ბინადრობის დარეგისტრირება შესაძლებელია მუდმივად ან დროებით.

     

    რა დოკუმენტების მომზადებაა საჭირო დროებითი ბინადრობის რეგისტრაციისთვის:

     

    - დროებითი ბინადრობის რეგისტრაციის განაცხადის ფორმა,

    - მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი,

    - პოლონეთში თქვენი ლეგალური ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ვიზა, ბინადრობის ბარათი)

    - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გაქვთ კანონიერი უფლება ბინაზე, რომელშიც გსურთ დარეგისტრირება (ქირავნობის ხელშეკრულება, ამონაწერი მიწისა და იპოთეკის რეესტრიდან, ადმინისტრაციული გადაწყვეტილება)

     

    მუდმივი ბინადრობის დასარეგისტრირებლად, პოლონეთში უნდა იმყოფებოდეთ ერთ-ერთი ამ დოკუმენტის საფუძველზე:

     

    • - ბინადრობის მოწმობა, რომელიც გაცემულია მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის, ჰუმანიტარული მიზეზების გამო გაცემული ბინადრობის ნებართვის, სუბსიდიარული დაცვის ან პოლონეთში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,
    • - ბინადრობის ნებართვა გაცემული ტოლერირებული მიზეზის საფუძველზე,
    • - მუდმივი ბინადრობის ნებართვა,
    • - ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა,
    • - გადაწყვეტილება პოლონეთის რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, პოლონეთის რესპუბლიკაში სუბსიდიარული დაცვის მინიჭების, ჰუმანიტარული მიზეზების გამო ბინადრობის ან ტოლერირებული მიზეზის საფუძველზე გაცემული ბინადრობის ნებართვის შესახებ;
  • პოლონეთში შესვლის მსურველ უცხოელს უნდა ჰქონდეს ბილეთი უკან დასაბრუნებლად წარმოშობის ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში დასაბრუნებლად სადაც ცხოვრობს ან ფინანსური რესურსი, წარმოშობის ქვეყანაში ან იმ ქვეყენაში დაბრუნების ხარჯების დასაფარად, სადაც ცხოვრობს და ის უნდა შეესაბამებოდეს ბილეთის საფასურს.

     

    ამ თანხების ოდენობა არ შეიძლება იყოს ნაკლები ვიდრე:

     

    200 PLN უცხოელისთვის, რომელიც შემოდის პოლონეთის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნიდან;

     

    500 PLN უცხოელისთვის, რომელიც წარმოშობით ევროპული ქვეყნიდანაა;

     

    2500 PLN უცხოელისთვის მესამე არაევროპული ქვეყნიდან (ან ამ თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში).

  • სტაბილური და რეგულარული შემოსავალი არის რეგულარულად მიღებული მინიმალური საჭირო ოდენობის თანხა, რომელიც უნდა იყოს ნაჩვენები კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანის დროს. თუ პოლონეთში მარტო ხართ, მინიმალური თანხა არის 776 PLN ნეტო თვეში. ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში მინიმალური თანხაა 600 PLN ნეტო თვეში. სტაბილური და რეგულარული შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები მოიცავს, მაგალითად, შრომის ხელშეკრულებას, შემოსავლის შესახებ ცნობას, წინა კალენდარული წლის საგადასახადო დეკლარაციას ან განცხადებას, რომელშიც მითითებულია მიღებული შემოსავლის ოდენობა. შემოსავალი კანონიერი წყაროდან უნდა იყოს მიღებული.

  • განაცხადზე მიმაგრებული ფოტოები უნდა იყოს დაუზიანებელი, ფერადი და კარგი სიმკვეთრის; ზომები 35 მმ x 45 მმ; გადაღებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენის თარიღამდე არა უადრეს 6 თვით ადრე; უნდა აჩვენებდეს უცხოელის სახეს თავის ზედა ნაწილიდან მხრების ზევით, ისე, რომ სახე იკავებდეს ფოტოს 70-80%-ს, უნდა იყოს გადაღებული ერთგვაროვან ნათელ ფონზე, უნდა აჩვენებდეს პიროვნებას, რომელიც იყურება პირდაპირ გახელილი თვალებით, თმა არ უნდა უფარავდეს სახეს, უნდა ჰქონდეს სახის ბუნებრივი გამომეტყველება და დახურული პირი, სურათი უნდა ასახავდეს მისი კანის ბუნებრივ ფერს; ნათლად უნდა ჩანდეს უცხოელის თვალები, განსაკუთრებით თვალის გუგები, თვალის ხაზი პარალელური უნდა იყოს ფოტოს ზედა კიდესთან.

     

    შენიშვნა: უცხოელს, რომელიც ატარებს თავსაბურავს თავისი რელიგიის პრინციპების შესაბამისად, შეუძლია განაცხადს დაურთოს ფოტოსურათი, რომელშიც ატარებს თავსაბურავს, იმ პირობით, რომ სახის გამოსახულება სრულად ჩანს. ასეთ შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს ცნობა იმის შესახებ რომ ის მიეკუთვნება გარკვეულ რელიგიას.

     

  • ეს ცნობა ადასტურებს აქტუალურ საგადასახადო მდგომარეობას.

     

    ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:

     

    - როდესაც კანონი მოითხოვს საგადასახადო დავალიანების არსებობის ან არარსებობის ოფიციალურ დადასტურებას

    - თქვენი კანონიერი ინტერესის გამო საგადასახადო დავალიანების მდგომარეობისა ან მისი არარსებობის დასადასტურებლად.

     

    განცხადება ცნობის მისაღებად შეიძლება იქნეს წარდგენილი საგადასახადო სამსახურში ნებისმიერ დროს.  

     

    განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად (ელექტრონული საგადასახადო სამსახური, e-PUAP) ან ტრადიციული ფორმით (განაცხადის პირადად შეტანა ან ფოსტით გაგზავნა).

     

    ტრადიციული ფორმით ან e-PUAP-ის მეშვეობით წარდგენილი განაცხადების საგადასახადო საფასურია 21 PLN.

     

    ცნობა გაიცემა 7 დღის ვადაში.

  • უცხოელებს უფლება აქვთ ისარგებლონ ბინადრობის ბარათის გაცემის ან შეცვლის საფასურზე 50%-იანი ფასდაკლებით თუ:

     

    - მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან;

    - მათ მიერ ბინადრობის ბარათის მოთხოვნის მიზანია სწავლა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საშუალო სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში;

    - არიან არასრულწლოვანები, რომელთაც დოკუმენტის გაცემაზე განაცხადის შეტანის დღეს  16 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ;

     

    საფასურზე ფასდაკლების მისაღებად უნდა მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტები:

     

    - ცნობა სოციალური დახმარების კომპეტენტური ორგანოდან სოციალური დახმარების ფარგლებში, მოცემულ დროს, ფულადი შეღავათებით სარგებლობის შესახებ;

    - ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნება მოცემულ პერიოდში იღებს საშუალო განათლებას ან სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში;

    - არასრულწლოვანი უცხოელის დაბადების მოწმობის ასლი, ხოლო თუ მისი აღება შეუძლებელია – არასრულწლოვანი უცხოელის ასაკის დამადასტურებელი სამგზავრო ან სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • “ინფორმაცია რაიონის გამგეობიდან”  არის დოკუმენტი, რომელიც დამსაქმებელს შეუძლია მიიღოს სამუშაო ადგილის კომპეტენტურ რაიონულ შრომის ოფისში. თუ სამუშაოს ძირითადი ადგილის განსაზღვრა სირთულეს წარმოადგენს, ინფორმაცია გამგეობიდან გაიცემა დამსაქმებლის ადგილსამყოფელის ან საცხოვრებელი ადგილისათვის კომპეტენტური გამგეობის მიერ. ამ დოკუმენტში მითითებულია რეესტრში შეყვანილი იმ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული სამუშაო ადგილისთვის საჭირო პირობებს. სამუშაო ნებართვის ან დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მისაღებად დამსაქმებელმა უნდა აჩვენოს, რომ ამ რეესტრების საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს მის საკადრო საჭიროებებს. გამგეობის ინფორმაციაში მითითებული სამუშაო პირობები, ანუ ხელშეკრულების ტიპი, ანაზღაურების ოდენობა, სამუშაო დრო და სამუშაო ადგილი უნდა ემთხვეოდეს დამსაქმებლის მიერ მითითებულ პირობებს სამუშაო ნებართვის მისაღებ განაცხადში ან დროებითი ბინადრობის ნებართვის განაცხადის N1 დანართში ასახულ პირობებს. გამგეობის ინფორმაცი არ უნდა იყოს გაცემული სამუშაო ნებართვის/ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე 180 დღით ადრე. ამ დოკუმენტის წარდგენა ხდება მხოლოდ ორიგინალში.

     

    გამგეობიდან ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ყველაზე. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, მაგალითად:

    - ვოევოდის დებულებით განსაზღვრულ დეფიციტური პროფესიების ნუსხაში შემავალი სამუშაოს შემსრულებელი პირები (პროფესიების სია, რომლებიც თავისუფლდებიან გამგეობიდან ინფორმაციის მოპოვების ვალდებულებისგან, განსხვავდება ვოევოდის მიხედვით);

    - ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის დებულებით გათავისუფლებული სამუშაოს შემსრულებელი პირები

     

    ან

     

    • - უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ პოლონეთში
    • - სტუდენტები, რომლებიც დასწრებითი ფორმატით სწავლობენ პოლონურ სასწავლებელში,
    • - პოლონური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებმაც სწავლა გაიარეს დასწრებითი ფორმატით,
    • - პოლონეთში არსებული საშუალო სკოლის/სასწავლებლის კურსდამთავრებულები,
    • - სომხეთის რესპუბლიკის, ბელორუსის რესპუბლიკის, საქართველოს რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ სამუშაოს მინდობის შესახებ ცნობის საფუძველზე იმავე დამსაქმებლისთვის, იმავე სამუშაო ადგილზე (თანამდებობაზე), დროებითი ბინადრობისა და სამუშაოს შესახებ განაცხადის წარდგენამდე მინ. 3 თვით ადრე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ცნობაში მითითებული პირობებით (არ ვრცელდება სეზონურ სამუშაოზე),
    • - უცხოელები, რომლებიც მუდმივად და ლეგალურად ცხოვრობენ პოლონეთში განაცხადის წარდგენამდე მინიმუმ 3 წლის განმავლობაში,
    • - პოლონური სასწავლებლის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA)-ს სხვა ქვეყნის ან შვეიცარიის კონფედერაციის სასწავლებლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც დაასრულეს სწავლა განაცხადის წარდგენამდე 3 წლის განმავლობაში,

     

     

    ან:

     

    უცხოელები, რომლებსაც განცხადების წარდგენამდე უშუალოდ ჰქონდათ მუშაობის ნებართვა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა და მუშაობდნენ იმავე დამსაქმებელთან იმავე სამუშაო ადგილზე (თანამდებობაზე) .

    ან მათ მიიღეს სამუშაოს ნებართვა ან დროებითი ბინადრობის ნებართვა და მუშაობენ იმავე დამსაქმებელთან იმავე სამუშაო ადგილზე (თანამდებობაზე) განაცხადის წარდგენის შემდეგ და ფლობდნენ მას დროებითი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღეს.

     

    უცხოელები, რომლებსაც აქვთ ე.წ. პოლონელის ბარათი იგივე  ‘’Karta Polaka’’

     

     

    ან უცხოელები, რომლებიც იმუშავებენ:

    -  სახლში დამხმარედ ან შეასრულებენ მომვლელის ან საექთნო სამუშაოებს ფიზიკურ პირებზე შინამეურნეობაში ,

    - სპორტული მწვრთნელი ან სპორტსმენი, რომელიც მუშაობს სპორტულ კლუბებში და სხვა ობიექტებში, რომელთა კანონიერი საქმიანობა მოიცავს ფიზიკური კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციას,

    - ექიმი/სტომატოლოგი, რომელიც გადის ტრენინგს ან ახორციელებს სპეციალიზაციის პროგრამას, ექიმებისა და სტომატოლოგების სპეციალობის შესახებ დებულებების შესაბამისად.

     

  • პოლონური ბიზნეს კლასიფიკაცია (PKD) არის ეკონომიკური საქმიანობის სახეობების, მრეწველობის ან სექტორების მოწესრიგებული დაჯგუფება. ყველა მეწარმემ უნდა მოძებნოს კოდი, რომელიც საუკეთესოდ აღწერს მის ბიზნესს.

    PKD კოდების გამოყენების ვალდებულება ვრცელდება:

     

    - ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან CEIDG-ში (ცენტრალური რეგისტრაცია და ინფორმაცია ბიზნესის შესახებ)

    - ეროვნულ სასამართლო რეესტრში (KRS) შეყვანის ვალდებულებას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე, ანუ მაგალითად, ამხანაგობებზე, კომპანიებზე, კოოპერატივებზე, ფონდებზე.

     

    PKD კოდები უნდა იყოს მოწოდებული კომპანიის რეგისტრაციისას, როგორც განაცხადში რომელიც ადასტურებს CEIDG-ში რეგისტრაციას, ასევე ინდივიუალური ფირმის ან კომპანიის სასამართლოს  ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციისას. ეს კოდები არის სტატისტიკური სამსახურის მიერ REGON ნომრის მინიჭების საფუძველი.

    თქვენი ბიზნესის კოდის საპოვნელად გამოიყენეთ PKD კოდის საძიებო სისტემა Biznes.gov.pl-ზე Strona główna | Biznes.gov.pl - Serwis informacyjno-usługowy dla przedsiebiorcy

  • რეგულირებადი პროფესია - პროფესია, რომლის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ (მაგ. გამოცდის ჩაბარება, საჭირო პროფესიული პრაქტიკის გავლა, სიაში ჩანაწერის მოპოვება, შესაბამისი განათლების მიღება ან ტრენინგის გავლა).

     

    პოლონეთში ასეთი პროფესიებია: იურისტი, ადვოკატი, არქიტექტორი, ექიმი, მედდა, ბებიაქალი, სტომატოლოგი, სტომატოლოგის ასისტენტი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, ამწე კრანის ოპერატორი და მრავალი სხვა.

    შეამოწმეთ რეგულირებადი პროფესიების მონაცემთა ბაზაში რეგულირდება თუ არა თქვენი პროფესია პოლონეთში. ასევე გაიგებთ, თუ რომელი დაწესებულება განიჭებთ ამ პროფესიით დაკავების უფლებას.

  • სანამ ნებართვის გაცემას ველოდები, შემიძლია რამდენიმე დღით სახლში გამგზავრება ან შენგენის სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლა?

     

    თუ ელოდებით ბინადრობის ნებართვის მიღებას, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წახვიდეთ თქვენს ქვეყანაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პოლონეთში ხელახლა შესასვლელად თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ქვეყანაში შესვლის ზოგად მოთხოვნებს, ანუ გქონდეთ მოქმედი ვიზა ან უვიზო რეჟიმით ქვეყანაში შესვლის უფლება, არ უნდა გქონდეთ გადაცილებული შენგენის ზონაში ყოფნის დაშვებული ვადა, რომელიც შეადგენს 90 დღეს ყოველ 180-დღიან პერიოდში.

     

    თუ გსურთ რამდენიმე დღით გაემგზავროთ შენგენის სხვა ქვეყანაში (მაგ. გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ავსტრია), უნდა გახსოვდეთ, რომ ბინადრობის ნებართვის მოლოდინში თქვენი ყოფნა ლეგალურად ითვლება მხოლოდ პოლონეთში. თქვენს პასპორტში დატანილი ბეჭედი არ გაძლევთ უფლებას ლეგალურად გაემგზავროთ და დარჩეთ შენგენის სხვა ქვეყანაში. გამგზავრების შემთხვევაში, თქვენ უნდა გქონდეთ მოქმედი ვიზა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეძლებთ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის პირობებში დარჩენას და ჯერ არ გადაგიჭარბებიათ ყოფნის დასაშვები ვადისთვის, რომელიც არის 90 დღე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. ამასთან, გახსოვდეთ, რომ პოლონეთში ყოფნა ყოველთვის შენგენის ზონაში ყოფნაა.

  • პირველი კანონის მე-2 მუხლის 21ბ პუნქტის (art. 2 ust. 1 pkt 21b ustawy) თანახმად, სუბიექტი, რომელიც ანდობს სამუშაოს უცხოელს, არის ორგანიზაციული ერთეული, მაშინაც კი, თუ ის არ არის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი, რომელიც ანდობს სამუშაოს უცხოელს ხელშეკრულების ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

     

    ხელშეკრულების სახეობიდან გამომდინარე, სამუშაოს შემკვეთი სუბიექტი არის

    - თუ ეს არის შრომითი ხელშეკრულება - დამსაქმებელი;

    - თუ ეს არის მომსახურების ხელშეკრულება (umowa zlecenie) - შემკვეთი;

    - კონკრეტულ სამუშაოზე ხელშეკრულების შემთხვევაში (umowa o dzieło) – შემკვეთი.

     

  • დიახ, შეგიძლიათ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვისთვის განაცხადი შეიტანოთ. ვოევოდის ოფისი შეამოწმებს, იყო თუ არა თქვენი გასული წლის საშუალო შემოსავალი, გადანაწილებული 12 თვეზე, მოცემულ პერიოდში დადგენილ მინიმალურ შემოსავალზე ნაკლები. ამჟამად, დადგენილი მინიმალური შემოსავალი არის 600 PLN ნეტო ოჯახთან ერთად მცხოვრები პირისათვის და 776 PLN ნეტო მარტო მცხოვრებისთვის.

  • ბრუტო არის დასაქმებულის მიერ გამომუშავებული მთლიანი თანხა, დამოკიდებული დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულების ტიპზე. ნეტო არის თანხა, რომელსაც მიიღებთ თქვენი დამსაქმებლისგან ანგარიშსწორების პერიოდის ბოლოს, გარკვეული შენატანების, ფონდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გადასახადის მთლიანი თანხიდან გამოკლების შემდეგ. დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერთ სამუშაოს დაწყებამდე, შეიცავს მთლიან თანხას, მიუხედავად იმისა, აფორმებთ შრომით ხელშეკრულებას, ხელშეკრულებას კონკრეტულ სამუშაოზე თუ მომსახურების ხელშეკრულებას.

     

    ბრუტო და ნეტო ანაზღაურება - ამ ორ ღირებულებას შორის სხვაობა გამომდინარეობს საშემოსავლო გადასახადის ავანსების გამოქვითვისგან ფიზიკური პირებისთვის და ასევე შრომითი ხელშეკრულებების და მომსახურების ხელშეკრულებების შემთხვევაში, სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის შენატანებისგან.

     

    ქვემოთ ნახავთ ბმულებს, რომლებიც გადაგამისამართებთ ვებსაიტებზე, სადაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გამოთვალოთ თქვენი ხელფასის თანხა ნეტო:

     

    Kalkulator wynagrodzeń - uwzględniający założenia Polskiego Ładu - Kalkulatory.gofin.pl - GOFIN Wydawnictwo Podatkowe

    Baza kalkulatorów - kalkulator VAT, wynagrodzeń, brutto netto - INFOR.pl

    Kalkulator wynagrodzeń (płac) brutto-netto – Bankier.pl

  • ალბანეთი (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), ბრაზილია, ბრუნეი, ბულგარეთი, ჩილე, ხორვატია, კვიპროსი, ჩერნოგორია (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, დომინიკა, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გრენადა, საქართველო (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), გვატემალა, ესპანეთი, ჰონდურასი, ჰონგ კონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი), ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, კანადა, კირიბატი, კოლუმბია, სამხრეთ კორეა, კოსტა რიკა, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ლატვია, ჩრდილოეთ მაკედონია (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), მაკაო (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი), მალაიზია, მალტა, მავრიკი, მექსიკა, მიკრონეზია, მოლდოვა (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), მონაკო, ნიდერლანდები, გერმანია, ნიკარაგუა, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პალაუ, პანამა, პარაგვაი, პერუ, პორტუგალია, რუმინეთი, ელ სალვადორი, სენტ-კიტსი და ნევისი, სამოა, სან მარინო, სერბეთი (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებისთვის), სეიშელის კუნძულები, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, ქ. ლუსია, წმ. პიერ და მიკელონი, წმ. ვინსენტი და გრენადინები, შვეიცარია, შვედეთი, ტაივანი (მხოლოდ იმ პასპორტის მფლობელებისთვის, რომელზეც დატანილია ID ნომერი), აღმოსავლეთ ტიმორი, ტონგა, ტუვალუ, ტრინიდადი და ტობაგო, უკრაინა (მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებისთვის), ურუგვაი, აშშ, ვატიკანი, ვენესუელა , უნგრეთი, იტალია, მარშალის კუნძულები, სოლომონის კუნძულები, სან-ტომე და პრინსიპი, ვანუატუ, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

  • დოკუმენტის დაკარგვიდან 3 დღის ვადაში აცნობეთ სავოევოდოს, რომელმაც გასცა თქვენი ბინადრობის ბარათი, ამ ფაქტის შესახებ. დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების შესახებ შეტყობინების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ. ასევე შეატყობინეთ ბარათის მოპარვის/დაკარგვის შესახებ უახლოეს პოლიციის განყოფილებას. ახალი ბარათის მისაღებად წარადგინეთ განცხადება ბინადრობის ბარათის გამოცვლა/გაცემაზე.

     

    რა დოკუმენტებია საჭირო:

     

    - განაცხადი;

     

    - 2 ფოტო;

     

    - მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

     

    - ბინადრობის ბარათის შეცვლის საფასურის დადასტურება;

     

    - 2 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებლის რეგისტრაციის დადასტურება;

     

    - პოლიციის განყოფილების მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობის დაკარგვის შესახებ ცნობა (არასავალდებულო) ან უცხოელის განცხადება ბინადრობის მოწმობის დაკარგვის/დაზიანების გარემოებებთან დაკავშირებით და რომელზეც დატანილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიროვნება აცნობიერებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განცხადების ნამდვილობაზე.

     

    - პოლონეთში ბინადრობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილების ასლი;

     

    - ბინადრობის ბოლო მოწმობის ასლი.

     

    ბინადრობის ბარათის გაცემის საფასური:

     

    - 100 ზლოტი

     

    - 200 PLN ბრალეული დაკარგვის ან თქვენი ბრალეულობით ბინადრობის მოწმობის განადგურების შემთხვევაში

     

    - 300 PLN კიდევ ერთი ბრალეული დაკარგვის ან  ბინადრობის მოწმობის კიდევ ერთი თქვენი ბრალეულობით განადგურების შემთხვევაში

     

    ბინადრობის ბარათი იცვლება საბუთების სრული

    ჩამონათვლის მიღებიდან 30 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ამჟამინდელი ბინადრობის ბარათი გაცემულია სხვა სავოევოდოს მიერ, ბარათის გამოცვლის პროცედურას შეიძლება 2-3 თვე დასჭირდეს.

     

  • თუ გაქვთ უცხოური მართვის მოწმობა და პოლონეთში იმყოფებით 185 დღეზე მეტხანს, გადაცვალეთ იგი პოლონურ მართვის მოწმობაზე.

     

    სად შევიტანო განაცხადი?

    - რაიონულ ოფისში თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,

    - ქალაქის გამგეობაში (urząd miasta) - თუ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც ვრცელდება რაიონის კანონები,

    - თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რაიონულ ოფისში - თუ ცხოვრობთ ვარშავაში

     

     

    რა დოკუმენტები უნდა მოამზადოთ?

     

    • - განცხადება მართვის მოწმობის გაცვლის შესახებ
    • - ფერადი ფოტო, ზომები 35 x 45 მმ
    • - ბინადრობის ბარათი, ვიზა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენს ლეგალურ ყოფნას პოლონეთში
    • - უცხოური მართვის მოწმობის ასლი ნაფიცი თარგმანით (tłumaczenie przysięgłe) ------- ენაზე
    • - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენს რეგისტრირებულ მისამართს
    • - მართვის მოწმობის გაცემის საფასურის დადასტურება (100 PLN)

     

     

    რამდენ ხანი მოგიწევთ ლოდინი?

     

    9 სამუშაო დღემდე იმ დღიდან, როდესაც ოფისი მიიღებს თქვენი უცხოური მართვის მოწმობის შესახებ დოკუმენტებს და გადახდის დადასტურებას

     

    ! თუ თქვენი მართვის მოწმობა არ შეესაბამება ჟენევის კონვენციაში ან ვენის კონვენციაში მითითებულ ნიმუშს, თქვენ უნდა ჩააბაროთ სახელმწიფო გამოცდის თეორიული ნაწილი. გთხოვთ, ეწვიოთ თქვენს ოფისს, რათა გაიგოთ, როგორ გააკეთოთ ეს.

  • არა. ყველა მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ექვემდებარება სავიზო მოთხოვნებს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას, უნდა ჰქონდეს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მოქმედი ვიზა ან ბინადრობის ბარათი, რომელიც ადასტურებს პოლონეთში ლეგალურად შესვლისა და დარჩენის უფლებას.

  • თუ აპირებთ პოლონეთში დარჩენას  3 თვეზე ნაკლები ვადით, არ არის საჭირო დროებითი ბინადრობის შესახებ განაცხადის წარდგენა. თუმცა, თუ აპირებთ დარჩენას უფრო დიდხანს, მაგრამ არა უმეტეს 360 დღისა და გაქვთ მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან გრძელვადიანი ვიზა ანოტაციით „STUDENT“, რომელიც გაცემულია ევროკავშირის სხვა ქვეყნის მიერ, უნივერსიტეტმა, სადაც სწავლობთ პოლონეთში, უნდა აცნობოს უცხოელთა ოფისის ხელმძღვანელს თქვენი განზრახვის შესახებ, ისარგებლოთ ე.წ. სტუდენტის მობილობით. თუ 360 დღეზე მეტხანს რჩებით პოლონეთის ტერიტორიაზე ან თქვენს ბინადრობის ნებართვაში ან გრძელვადიან ვიზაში არ არის ჩანაწერი „სტუდენტი“, მოგიწევთ დროებითი ბინადრობის შესახებ განაცხადის წარდგენა.

  • ბინის ხარჯების გამოთვლისას უნდა გაითვალისწინოთ:

     

      - ქირა - ეს არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია ბინით სარგებლობასთან, გაყოფილი ბინაში მცხოვრებთა რაოდენობაზე.

     

      - კომუნალური გადასახადები - ეს არის ელექტროენერგიის, გაზის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის, ნარჩენებისა და თხევადი ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული ხარჯები.

  • პასპორტში ბეჭედი გვატყობინებს, რომ დროებითი ბინადრობის განაცხადი შეტანილია და ელოდებით გადაწყვეტილებას. თქვენი ყოფნა პოლონეთში კანონიერია გადაწყვეტილების მიღებამდე. მხოლოდ ასეთი ბეჭდის ქონა არ ნიშნავს რომ პოლონეთში „ავტომატურად“ შეგიძლიათ მუშაობის დაწყება.

     

    ლეგალურად მუშაობისთვის, უნდა არსებობდეს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

     

      - დროებითი ბინადრობის შესახებ განაცხადის წარდგენის დღეს გქონდათ პოლონეთში მუშაობის უფლება (მაგ. ცნობა უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ შრომის ოფისიდან ან მუშაობის ნებართვა) და ამჟამად ფლობთ ასეთი უფლებას.

     

      - თქვენ შეიტანეთ ერთიანი განაცხადი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მისაღებად იგივე კომპანიაში და იმავე თანამდებობაზე, იგივე ტიპის ხელშეკრულებით (სამუშაოს გაგრძელება).

     

      - ბინადრობისა და მუშაობის ნებართვაზე ერთიანი განაცხადის წარდგენის  დღეს გქონდათ მოქმედი A ტიპის სამუშაო ნებართვა და წარადგინეთ განაცხადი იგივე კომპანიაში და იმავე თანამდებობაზე, რომელზეც გქონდათ A ტიპის სამუშაო ნებართვა (სამუშაოს გაგრძელება).

     

      - ერთიანი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენის დღეს გქონდათ მოქმედი ცნობა უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ შრომის ოფისიდან, გაცემული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მუშაობდით 3 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში; განაცხადი არ შეიცავდა რაიმე ფორმალურ ხარვეზს და მიიღეთ ბეჭედი - თქვენ ელოდებით გადაწყვეტილებას ბინადრობის ნებართვის შესახებ - შეგიძლიათ იმუშაოთ მხოლოდ ცნობის დასრულებამდე. თუმცა თუ თქვენი დამსაქმებელი დამატებით წარადგენს განცხადებას A ტიპის სამუშაო ნებართვაზე და  ცნობის საფუძველზე თქვენი მუშაობიდან სრული 3 თვეა გასული, მაგრამ ჯერ კიდევ მის დასრულებამდე შეიტანა ეს განახცადი და A ტიპის სამუშაო ნებართვაზე განაცხადი წარდგენილ იქნა იგივე კომპანიაზე, იგივე თანამდებობაზე და სამუშაო ხელშეკრულებაზე, რომლისთვისაც გაიცა ცნობა შრომის ოფისიდან, შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა.

     

  • ცნობის US-7 მიღება თქვენი სოციალური დაზღვევის ჩანაწერის შესახებ შეგიძლიათ ონლაინ, PUE-ში (ელექტრონული სერვისების პლატფორმაზე) შესვლით, პირადად ZUS-ის ფილიალში ან განაცხადის გაგზავნით ტრადიციული ფოსტით.

     

    სადაზღვევო ცნობა გაიცემა დაუყოვნებლივ, განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ეჭვის საფუძველი, ცნობა დაუყოვნებლივ გაიცემა.

     

    თუ თქვენ მიღების მეთოდად ცნობის ელექტრონული ფორმით მიღება მიუთითეთ, მიიღებთ შეტყობინებას რომ დოკუმენტი მზადაა - ელექტრონული ფოსტით ან დამატებით SMS-ით, რომელიც მითითებულია PUE პროფილში. თქვენს PUE პროფილში შესვლის შემდეგ, ხელი მოაწერეთ ოფიციალურ მიღების დადასტურებას (UPD). მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ წვდომას ელექტრონულ დოკუმენტზე.

     

    თუ  მიღების მეთოდად ცნობის ტრადიციული გზით, ფოსტით მიღება აირჩიეთ, დაელოდეთ წერილს ZUS-ისგან.

     

    თუ  მიღების მეთოდად ცნობის ტრადიციული გზა აირჩიეთ, შეგიძლიათ ცნობა პირადად მიიღოთ ZUS-ის ადგილობრივ ორგანიზაციულ ერთეულში ან მიიღოთ ის თქვენი წარმომადგენლის მეშვეობით. თუ მოწმობა არ იქნება მიღებული თქვენს მიერ გაცემის დღიდან 14 დღის განმავლობაში, მიუხედავად თქვენს მიერ მითითებული ფორმისა, ცნობა შეიტანება საქმეში.

     

    დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ZUS-ის ვებ გვერდზე:  Jak uzyskać zaświadczenie o przebiegu ubezpieczeń społecznych - ZUS

     

    ფორმულარი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: Wniosek US-7 - ZUS

     

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
Please add 6 and 7.