+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

პოლონელის ბარათი

პოლონელის ბარათი 

პოლონელის ბარათი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის პოლონეთის ერისადმიმი კუთვნილებას. მაგრამ, ეს არ ნიშნავს უცხოელისათვის პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებას, პოლონეთში დროებითი ან მუდმივი ბინადრობის უფლების მინიჭებას ან პოლონეთის საზღვრების უვიზოდ გადაკვეთის უფლების მინიჭებას. 

პოლონელის ბარათი იძლევა გარკვეულ უფლებებს; მის მფლობელს შეუძლია: 

  • - უფასოდ მიიღოს ეროვნული ვიზა პოლონეთის საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის უფლებით; 
  • - უფასოდ წარადგინოს განაცხადი პოლონეთის საკონსულოში პოლონეთის პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე; 
  • - ისარგებლოს კონსულის დახმარებით(კონსულის კომპეტენციის ფარგლებში) სიტუაციაში, როდესაც მისი სიცოცხლე ან უსაფრთხოება საფრთხეშია; 
  • - იმუშაოს პოლონეთში დამატებითი ნებართვის გარეშე; 
  • - წარმართოს ბიზნესი პოლონეთში იგივე პირობებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეები; 
  • - ისარგებლოს პოლონეთში უფასო განათლებით - დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის იგივე პირობებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეები.  ამავდროულად, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სტიპენდიებითა და სასწავლო დახმარებით, რომლებიც განკუთვნილია პოლონეთში სასწავლებლად (როგორც სკოლაში ასევე უნივერსიტეტში) მყოფი უცხოელებისათვის. 
  • - გადაუდებელ შემთხვევებში ისარგებლოს პოლონეთში უფასო სამედიცინო მომსახურებით იმავე პირობებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეები; 
  • - ისარგებლოს 37% -იანი ფასდაკლებით პოლონეთში მატარებლით მგზავრობაზე; 
  • - ისარგებლოს პოლონეთის სახელმწიფო მუზეუმებში უფასო შესვლით 
  • - ისარგებლოს პრივილეგიით/უპირატესობით პოლონეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების მისაღებად განაცხადის გაკეთებისას. აღნიშნული ფულადი დახმარება მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მყოფი პოლონელების მხარდაჭერას. 
  • - უფასოდ წარადგინოს განაცხადი მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად; 
  • - მუდმივი ბინადრობის ნებართვის თაობაზე განაცხადის წარდგენიდან არაუმეტეს 9 თვის განმავლობაში, მიიღოს ფულადი დახმარება თავისთვის და პოლონეთში მყოფი ოჯახის უახლოესი წევრებისათვის. 

ფულადი დახმარება პოლონელის ბარათის მფლობელებისთვის 

განაცხადის წარდგენის ადგილი: 

ფულადი დახმარების მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოთ იმ სავოევოდო დაწესებულებას, რომელსაც მიმართეთ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული დახმარების მისაღებად პირველი განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე გაკეთებული განაცხადის დღიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

 ფულადი დახმარების ოდენობა: 

ფულადი დახმარება შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში. პირველი 3 თვის განმავლობაში უცხოელი, რომელსაც მიენიჭა დახმარება, მიიღებს განაცხადის წარდგენის წლის დადგენილი მინიმალური ხელფასის 50% -ს თავისთვის და მეუღლისთვის, ხოლო ამ თანხის 50%-ს თითოეული მცირეწლოვანი შვილებისთვის. მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის წევრები (მეუღლეები და მცირეწლოვანი შვილები), რომლებიც უცხოელთან ერთად იმყოფებიან პოლონეთში. მე-4 თვიდან  მე-9 თვის ჩათვლით ზემოთხსენებული ფულადი დახმარებები გაიზრდება 60%-მდე. 

ფულადი დახმარების შეჩერება/დაკარგვა 

მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირს შეუჩერდება დახმარება. თუ აღნიშნული გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, პირს დახმარება ჩამოერთმევა (კანონის ძალით - დამატებითი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გაცემის საჭიროების გარეშე). 

ყურადღება! აღნიშნული ფულადი დახმარება არ ითვლება როგორც შემოსავალი სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადის გაკეთების დროს. 

ვის შეუძლია პოლონელის ბარათის მიღება? 

პოლონელის ბარათი შეიძლება გაიცეს პირზე, რომელიც არ არის პოლონეთის მოქალაქე, აცხადებს, რომ იგი პოლონურ ერს ეკუთვნის და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: 

  1. ამტკიცებს თავის პოლონურ წარმომავლობასა და კავშირს პოლონეთთან პოლონური ენის სულ მცირე საბაზისო ცოდნით და თვლის პოლონურ ენას როგორც მშობლიურს. ამავდროულად ამტკიცებს, რომ იცავს პოლონურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. 
  2. კონსულის ან ვოვოდის/გუბერნატორის (რომელიც განისაზღვრება ცალკეული განკარგულების შესაბამისად) ან მის მიერ დანიშნული თანამშრომლის თანდასწრებით, წერილობით განაცხადებს, რომ ის ეკუთვნის პოლონურ ერს. 
  3. დაამტკიცებს, რომ ის არის პოლონელი ეროვნების, ან რომ მისი ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან არიან პოლონური ეროვნების; ან წარადგენს საზღვარგარეთ პოლონელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ორგანიზაციების სია იხილეთ აქ: https://sip.legalis.pl/document-full.seam?documentId=mfrxilrtg4ytinjzgu4tiltwmvzc4mjygi3tk#>) მიერ გაცემულ ცნობას, რომელიც ადასტურებს პირის აქტიურ მონაწილეობას პოლონეთის ენისა და კულტურის ან პოლონეთის ეროვნული უმცირესობის კუთხით საქმიანობას მინიმუმ 3 წლის განმავლობაში; 
  4. განაცხადებს, რომ იგი ან მისი წინაპრები არ რეპატრირებულან ან არ ყოფილან რეპატრირებულნი პოლონეთის რესპუბლიკის ან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან 1944-1957 წლებში პოლონეთის რესპუბლიკას ან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკასა და ბელარუსის, უკრაინისა და ლიეტუვას საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებსა და საბჭოთა კავშირს (სსრკ) შორის დადებული რეპატრიაციის ხელშეკრულებების საფუძველზე. 

პოლონელის ბარათის მიღება ასევე შეუძლია პირს, რომლის წარმოშობაც კანონის წესით არის დადგენილი რეპატრიაციის შესახებ 2000 წლის 9 ნოემბრის კანონის დებულებების შესაბამისად და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონში მითითებულ მოთხოვნებს პოლონური ენის ცოდნასთან დაკავშირებით. 

პოლონელის ბარათის მიღების პროცედურა 

პოლონელის ბარათის მიღების ან ბარათის მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზნით აუცილებელია მიმართოთ პოლონეთის რესპუბლიკის საკონსულოს, რომელსაც, განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აქვს საქმის განხილვის უფლებამოსილება. ასევე შესაძლებელია განცხადებით მიმართოთ სავოევოდო დაწესებულებას, იმ პირობით, თუ მინისტრთა საბჭო განსაზღვრავს იმ სავოევოდო დაწესებულებას, რომელსაც ექნება საქმის განხილვის უფლებამოსილება. 

ყურადღება! 

მინისტრთა საბჭოს ასევე შეუძლია დანიშნოს ვოვოდი/გუბერნატორი, როგორც პოლონელის ბარათის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების უფლებამოსილი ორგანო/პირი და ამავდროულად მიუთითოს ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება ისარგებლონ აღნიშნულ ორგანოში განცხადების შეტანის შესაძლებლობით. 2017 წლის განკარგულების თანახმად, პოდლასის ვოევოდი/გუბერნატორი დაინიშნა, როგორც  ბელარუსის მოქალაქეებისათვის პოლონელის ბარათის მინიჭების თაობაზე საქმის წარმოებისთვის უფლებამოსილი ორგანო. 

პოლონელის ბარათის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტები: 

  1. თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად შევსებული განცხადების ფორმა/აპლიკაცია 
  2. 1 ფოტოსურათი (კარგი ხარისხის, გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში) 
  3. განმცხადებლის პოლონელობისა და პოლონური ენის ცოდნის (სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ დამოწმებული პოლონური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დიპლომი, ან პოლონური სკოლის ატესტატი ან უნივერსიტეტის დიპლომი, ან უცხოური სკოლის ატესტატი, იმ შემთხვევაში თუ სწავლების ენა იყო პოლონური)დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ასლებთან ერთად. თუ განმცხადებელს არ შეუძლია აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა, პოლონური ენის ცოდნის დონე დგინდება გასაუბრების დროს კონსულთან ან ვოევოდთან. 

ყურადღება! განმცხადებლის ან მისი წინაპრების პოლონური წარმომავლობის დამტკიცება შესაძლებელია შემდეგი დოკუმენტების და მტკიცებულებების საფუძველზე: პოლონური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; სამოქალაქო მდგომარეობის ჩანაწერები ან მათი ასლები; ნათლობის მოწმობები; სკოლის ატესტატები; პოლონეთის სამხედრო ფორმირებებში სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები; დეპორტაციის ან პატიმრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ჩანაწერს პოლონური წარმოშობის შესახებ; დეპორტირებული პირის რეაბილიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ამ პიროვნების პოლონური წარმომავლობის შესახებ; უცხოური პირადობის მოწმობები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ რომ მათი მფლობელი ეროვნებით პოლონელია. ცნობა პოლონური სათემო ორგანიზაციიდან, რომელიც ადასტურებს აქტიურ მონაწილეობას პოლონური ენისა და კულტურის ან პოლონეთის ეროვნული უმცირესობის სასარგებლოდ საქმიანობაში; საბოლოო გადაწყვეტილება პოლონური წარმოშობის შესახებ, გამოცემული რეპატრიაციის აქტის დებულებების შესაბამისად; განმცხადებლის მშობლის ან ერთ-ერთი ბებია-ბაბუის პოლონური ბარათი; პოლონეთთან კავშირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები; ან სხვა მსგავსი დოკუმენტები. 

      4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. შემოწმების მიზნით, აუცილებელია დედანის წარდგენაც. 

ამის შემდეგ საჭიროა პოლონეთის კონსულთან ან ვოევოდთან გასაუბრებაზე ჩაწერა. 

გასაუბრების დროს კონსული ან ვოევოდი განმცხადებელს პოლონურ ენაზე ესაუბრება პოლონეთის, პოლონეთის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციული ადათ-წესების შესახებ. გასაუბრების სავარაუდო ხანგრძლივობა არის 15-20 წუთი. 

თუ ინტერვიუ განმცხადებლისთვის წარმატებით დასრულდა, კონსული ან ვოევოდა ხელის მოსაწერად განმცხადებელს წარუდგინეს პოლონეთის ერის კუთვნილების დეკლარაციას და დეკლარაცია იმის შესახებ, რომ იგი ან მისი წინაპრები არ რეპატრირებულან ან არ ყოფილან რეპატრირებულნი პოლონეთის ტერიტორიიდან. 

როდის შეუძლია ბავშვს პოლონელის ბარათის მიღება? 

ბავშვს შეუძლია მიიღოს პოლონელის ბარათი მშობლების განცხადების საფუძველზე მაშინ, როდესაც ორივე მათგანი ფლობს პოლონელის ბარათს ან ფლობდნენ აღნიშნულ ბარათს პოლონეთში მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვებამდე. იმ შემთხვევაში თუ ბარათს ფლობდა მხოლოდ ერთ მშობელი,  მეორე მშობელმა, პოლონეთის კონსულის ან ვოევოდას თანდასწრებით, თანხმობა უნდა განაცხადოს ბავშვისთვის პოლონელის ბარათის გაცემაზე. თუ მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, მისი თანხმობა აუცილებელი არ არის. 

პოლონელის ბარათი ასევე გაიცემა არასრულწლოვანზე, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი გარდაცვლილი მშობლის  ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან იყვნენ პოლონური ეროვნების ან იყვნენ პოლონეთის მოქალაქეები. ამ შემთხვევაში, არასრულწლოვნის სახელით განცხადებას წარადგენს ცოცხალი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. 

როგორია პოლონელის ბარათის მოქმედების ვადა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? 

პოლონელის ბარათის მოქმედების ვადაა 10 წელი (გაცემის დღიდან). ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვით ადრე, აუცილებელია განცხადება წარადგინოთ ბარათის შემდეგი 10 წლით გახანგრძლივებაზე. 

არასრულწლოვანზე გაცემული პოლონელის ბარათი მოქმედებს 10 წლის განმავლობაში. ბარათს ავტომატურად გასდის მოქმედების ვადა სრულწლოვნობის მიღწევის დღიდან. 

თუ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ზემოაღნიშნულ თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვით ადრე, პოლონეთის ბარათის მფლობელი განაცხადს წარადგენს მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე და ხელს მოაწერს დეკლარაციას რომ მიეკუთვნება პოლონეთის ერს, პოლონელის ბარათის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება მომდევნო 10 წლით. 

როგორ უნდა მოიქცეთ პოლონელის ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში? 

პოლონელის ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, კონსული ან ვოევოდა, რომელმაც გასცა აღნიშნული ბარათი, მფლობელის განცხადების საფუძველზე გასცემს ახალ ბარათს. 

როგორ გამოვიყენოთ პოლონელის ბარათი? 

ბარათით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის მიზნით, აუცილებელია მისი წარდგენა მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. 

პოლონელის ბარათის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება 

პოლონელის ბარათის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს კონსული ან ვოევოდა თუ: 

  1. განმცხადებელი არ აკმაყოფილებს განსაზღვრულ პირობებს იმ პუნქტის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს თუ ვის შეუძლია პოლონელის ბარათის მიღება; 
  2. პოლონელის ბარათის მინიჭების განცხადების გაკეთებისას განმცხადებელმა წარადგინა განცხადება, რომელიც შეიცავდა ცრუ ინფორმაციას ან წარმოადგინა ყალბი დოკუმენტები; 
  3. განმცხადებელი ან მისი წინაპრები იყვნენ რეპატრირებულნი პოლონეთის რესპუბლიკის ან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან 1944-1957 წლებში პოლონეთის რესპუბლიკას ან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკასა და ბელარუსის, უკრაინისა და ლიეტუვას საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებსა და საბჭოთა კავშირს (სსრკ) შორის დადებული რეპატრიაციის ხელშეკრულებების საფუძველზე; 
  4. განმცხადებელმა მოიპოვა პოლონეთის მოქალაქეობა ან მიიღო მუდმივი ბინადრობის ნებართვა პოლონეთის ტერიტორიაზე; 
  5. ეს გამართლებულია პოლონეთის თავდაცვის, უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზეზებით; 
  6. განმცხადებელი მოქმედებს ან მოქმედებდა პოლონეთის, განსაკუთრებით მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საზიანოდ ან მონაწილეობს ან მონაწილეობდა ადამიანის უფლებების დარღვევაში. 

 

ყურადღება! პოლონელის ბარათის გაცემაზე უარის  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ პოლონელთა საქმეთა საბჭოში. 

 

 პოლონელის ბარათის გაუქმება/გაბათილება 

კონსული ან ვოევოდა (თუ ამის შესახებ მითითებული იქნება განკარგულებაში) აუქმებს პოლონელის ბარათს თუ: 

 

  1. ბარათის მფლობელის ქმედება არის პოლონეთის რესპუბლიკისთვის შეურაცხმყოფელი/დამამცირებელი; 
  2. პოლონელის ბარათის მინიჭების განცხადების გაკეთებისას განმცხადებელმა წარადგინა განცხადება, რომელიც შეიცავდა ცრუ მონაცემებს ან წარმოადგინა ყალბი დოკუმენტები; 
  3. განმცხადებელმა მისცა ყალბი ჩვენება ან დაფარა სიმართლე; 
  4. განმცხადებელმა წარადგინა გაყალბებული დოკუმენტები როგორც ავთენტური; 
  5. განმცხადებელმა მოიპოვა პოლონეთის მოქალაქეობა ან მიიღო მუდმივი ბინადრობის ნებართვა პოლონეთში; 
  6. დასტურდება, რომ განმცხადებელი პოლონეთის თავდაცვის, უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს; 
  7. განმცხადებელი მოქმედებს ან მოქმედებდა პოლონეთის ფუნდამენტური ინტერესების საზიანოდ; 
  8. მფლობელის მონაცემების შეცვლის შემდეგ გაიცა ახალი ბარათი (პოლონელის ბარათი) 
  9. უცხოელმა უარი თქვა პოლონელის ბარათზე. 

პოლონელის ბარათის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ბარათი კონსულს ან ვოევოდას, რომელმაც გასცა აღნიშნული ბარათი. 

პოლონელის ბარათის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება (მსგავსად პოლონეთის ბარათის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა) შეიძლება გასაჩივრდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ პოლონელთა საქმეთა საბჭოში. 

ყურადღება! თუ უცხოელმა მიიღო პოლონეთის მოქალაქეობა ან პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, პოლონელის ბარათი ავტომატურად უქმდება (დამატებითი გადაწყვეტილების გაცემის გარეშე). ასეთ სიტუაციაში, ბარათი უნდა დაუბრუნდეს ვოევოდას (ბინადრობის ადგილის შესაბამის ვოევოდას) მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი საბუთის მიღების დღიდან ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან 14 დღის ვადაში. მუდმივი ბინადრობის ბარათი გაიცემა იმ პირობით თუ განმცხადებელი დააბრუნებს პოლონელის ბარათს.  

მოსაკრებელი 

განაცხადის წარდგენა და პოლონელის ბარათის მიღებასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უფასოა და არცერთ ეტაპზე არანაირი საფასურის გადახდა არ არის საჭირო. 

 

სამართლებრივი საფუძვლები 

2007 წლის 7 სექტემბრის კანონი პოლონელის ბარათის შესახებ (Dz.U. z 2019 r. poz. 1598)  

2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის კანონი (Dz.U. z 2019 r. poz. 1472) 

2017 წლის 5 ოქტომბრის მინისტრთა საბჭოს დადგენილება პოლონელის ბარათის მინიჭების ან მოქმედების ვადის გახანგრძივების პროცედურის წარმოების უფლებამოსილი ვოევოდას დანიშვნის შესახებ (Dz.U. z 2017 r. poz. 1900). 

2020 წლის 3 იანვრის საგარეო საქმეთა მინისტრის განკარგულება პოლონური დიასპორის ორგანიზაციების სიის შესახებ, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება გასცენ ცნობა, რომელიც ადასტურებს პირის აქტიურ მონაწილეობას პოლონეთის ენისა და კულტურის ან პოლონეთის ეროვნული უმცირესობების კუთხით საქმიანობაში (M.P. z 2020 r. poz. 50). 

 

შეაფასეთ

What is the sum of 8 and 6?