+48 22 490 20 44 დახმარება პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის

Მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ამავდროულად გაცნობებთ რომ ვებგვერდ www.migrantinfo.pl-ზე არსებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ არის ადაპტირებული კანონში შემავალი ცვლილებების შინაარსთან. გვერდის განახლება მიმდინარე რეჟიმში მოხდება. ვებგვერდის შინაარსის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ Migrant.Info.-ს საინფორმაციო ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 17.00 საათამდე, მისი ნომერია: 22 490 20 44

რეპატრიაცია

რეპატრიაცია - ზოგადი ინფორმაცია 

რეპატრიაცია ნიშნავს პოლონური წარმოშობის პირების სამშობლოში დაბრუნებას და ეს არის პოლონეთის მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი გზა. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც არ აქვთ პოლონეთის მოქალაქეობა და სურთ მუდმივად დასახლდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში. 

პოლონეთის მთავრობა რეპატრიაციას განიხილავს, როგორც ზნეობრივი ვალდებულების შესრულებას და ისტორიული უსამართლობის/ზიანის კომპენსაციას, ძირითადად ყოფილი სსრკ-ის აზიის ნაწილში მცხოვრები თანამემამულეებისთვის. რეპატრიაციის შესახებ კანონი სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს ან მათ შთამომავლებს, რომლებმაც დეპორტაციის, გადასახლებისა და სხვა ეროვნული და პოლიტიკური მიზეზებით დევნის შედეგად, ვერ შეძლეს პოლონეთში დასახლება/დაბრუნება. 

რეპატრიაციის საკითხების მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი არის 2000 წლის 9 ნოემბრის კანონი რეპატრიაციის შესახებ (2022 წლის კანონთა ჟურნალი, პუნქტი 1105.) აღნიშნული კანონის მიხედვით, რეპატრიანტი არის პირი, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკაში შემოვიდა რეპატრიაციისა და პოლონეთში მუდმივად დასახლების მიზნით გაცემული ეროვნული ვიზის საფუძველზე. 

რეპატრიაციის ტერიტორიული ფარგლები 

რეპატრიაცია ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 2001 წლის 1 იანვარს მუდმივად ცხოვრობდნენ შემდეგი ქვეყნების ტერიტორიაზე:  

  • - სომხეთის, 
  • - აზერბაიჯანის, 
  • - საქართველოს, 
  • - ყაზახეთის, 
  • - ყირგიზეთის, 
  • - ტაჯიკეთის, 
  • - თურქმენეთის, 
  • - უზბეკეთის, 
  • - და ასევე რუსეთის აზიური ნაწილის ტერიტორიაზე. 

ეროვნული ვიზა რეპატრიაციის მიზნით 

რეპატრიაციის მიზნით ეროვნული ვიზა შეიძლება გაიცეს პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: 

  1. არის პოლონური წარმომავლობის მქონე პირი 
  2. კანონის ძალაში შესვლამდე (ანუ 2001 წლის 1 იანვრამდე) მუდმივად ცხოვრობდა ახლანდელი სომხეთის, აზერბაიჯანის , საქართველოს, ყაზახეთის , ყირგიზეთის , ტაჯიკეთის , თურქმენეთის, უზბეკეთის ან რუსეთის ფედერაციის აზიის ნაწილის ტერიტორიაზე. 

პოლონური წარმომავლობის მქონე პირად ითვლება პირი, რომელიც აცხადებს რომ არის ეროვნებით პოლონელი და აკმაყოფილებს ჩამოთვლილ ორივე პირობას: 

  1. მისი ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან არიან პოლონური ეროვნების; 
  2. დაამტკიცებს/დაასაბუთებს მის კავშირს პოლონეთთან. 

1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობა შესრულებულად ითვლება, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ განმცხადებლის ერთ-ერთი მშობელი, ან ბებია ან პაპა, ან ბებიის დედა ან/და მამა და პაპის დედა ან/და მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან არიან/იყვნენ პოლონური წარმომავლობის და იცავდნენ პოლონურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. 

პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები შეიძლება იყოს განმცხადებლის, ან მისი მშობლების, ბებიის ან პაპის ან მათი მშობლების დოკუმენტები, რომლებიც იქნა გაცემული პოლონეთის სახელმწიფოს ან საეკლესიო ხელისუფლების მიერ, აგრეთვე ყოფილი სსრკ-ის ხელისუფლების მიერ. ეს დოკუმენტები შეიძლება იყოს: 

  • - პოლონური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  • - მოწმობა სამოქალაქო სტატუსის შესახებ (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა) ან მათი ასლები; 
  • - პოლონურ არმიაში სამხედრო სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა პირის პოლონური წარმომავლობა; 
  • -ქვეყნიდან გაძევების/დეპორტაციის ან დაპატიმრების  დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ; 
  • - პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ან სხვა ოფიციალური საბუთები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ. 

პოლონური წარმომავლობის მტკიცებულებები შეიძლება იყოს აგრეთვე: 

  • -გაძევებული/დეპორტირებული პირის რეაბილიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ; 
  • - პოლონური წარმომავლობის გამო პირის დევნის დამადასტურებელი საბუთები. 

პოლონური წარმოშობის მქონე პირად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონსული. ვიზა მეუღლეებისა და შთამომავლებისთვის (შვილებისთვის, შვილიშვილებისთვისა და მათი შვილებისთვის). 

ეროვნული ვიზა რეპატრიაციის მიზნით შეიძლება გაიცეს რეპატრიანტის მეუღლეზე და ასევე მეოთხე ხაზის ჩათვლით რეპატრიანტის შთამომავლებზე თავიანთ მეუღლეებთან ერთად, იმ პირობით თუ მათ განზრახული აქვთ რეპატრიანტთან ერთად პოლონეთში სამუდამოდ დასახლება. 

რეპატრიანტი მშობლის მეურვეობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს ასევე შეუძლია მიიღოს პოლონეთის მოქალაქეობა რეპატრიაციის გზით.  

 იმ შემთხვევაში, თუ მშობლებიდან მხოლოდ ერთია რეპატრიანტი, არასრულწლოვანს პოლონეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლია მხოლოდ მეორე მშობლის თანხმობით. მშობლის თანხმობა უნდა იქნას გამოხატული წერილობითი ფორმით და უნდა წარედგინოს კონსულს. 

16 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს შეუძლია პოლონეთის მოქალაქეობის მიღება რეპატრიაციის გზით მხოლოდ მის მიერ გამოხატული თანხმობის შემდეგ. 

რეპატრიაციის პროცედურა 

  1. რეპატრიაციის მიზნით ეროვნული ვიზის მიღების თაობაზე განაცხადის გაკეთება 

რეპატრიაციის მიზნით ეროვნული ვიზის მიღებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს განაცხადი აღნიშნული ვიზის გაცემის თაობაზე პოლონეთის შესაბამის საკონსულოში (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). 

განაცხადს ასევე უნდა დაერთოს: 

1. განმცხადებლის ბოლოდროინდელი, დაუზიანებელი, ფერადი 3x4-ზე ფოტოსურათი. ფოტო უნდა იყოს გადაღებული განაცხადის წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში. ფოტოსურათ უნდა იყოს კარგი სიმკვეთრის, ნათლად ასახავდეს სახის გამოსახულებას თავის ზედა ნაწილიდან მხრების ზედა ნაწილამდე ისე, რომ სახეს ეკავოს სურათის 70-80% და ნათლად ჩანდეს თვალები და სახე ერთფეროვან ნეიტრალურ ფონზე; ფოტოზე ასახული პირი უნდა იყოს ქუდის (თავის დაფარვის) და სათვალეების (მუქი ლინზებით) გარეშე. ამასთანავე, ის უნდა იყოს სწორ პოზიციაში, გახელილი თვალებით, პირდაპირი მზერით ისე რომ თმები სახეს არ ფარავდეს. სახის გამომეტყველება უნდა იყოს ბუნებრივი, პირი დახურული; 

2. განმცხადებლის ბიოგრაფია; 

3. განმცხადებლის დაბადების მოწმობის ასლი; 

4. განმცხადებლის ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები; 

5. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები რეპატრიაციის კანონის მე-9 მუხლის I ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად; 

6. პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები რეპატრიაციის კანონის მე-6 მუხლის მიხედვით; 

7. რეპატრიაციის თაობაზე განაცხადში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები; 

8. დეკლარაცია იმის შესახებ, რომ განცხადებაში მითითებული მონაცემები შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება სისხლის სამართლის კოდექსით გადვალისწინებული ღონისძიებები. ასევე აუცილებელია მოქმედი პასპორტის წარდგენა.

      2. განმცხადებლის პოლონური წარმომავლობის მქონე პირად აღიარების განაცხადის განხილვა

 

წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და განმცხადებელთან გასაუბრების საფუძველზე კონსული აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონში მითითებულ პირობებს და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის პოლონური წარმომავლობის მქონე პირად ცნობის შესახებ. 

       3. განცხადების გადაგზავნა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროში 

მას შემდეგ, რაც კონსული დაადგენს, რომ რეპატრიაციის ვიზაზე განმცხადებელი პოლონური წარმოშობისაა, იგი წარუდგენს განცხადებას შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს ვიზის გაცემის ნებართვის მისაღებად. 

      4. რეპატრიაციის ვიზის გაცემა 

შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს თანხმობის მიღების შემდეგ, კონსულს შეუძლია გასცეს რეპატრიაციის ვიზა. 

ვიზის მოქმედების ვადაა 12 თვე - ამ დროის განმავლობაში ვიზის მფლობელი უნდა ჩამოვიდეს პოლონეთში. 

რეპატრიაციის მიზნით ეროვნულ ვიზას გასცემს კონსული განმცხადებლის მიერ პოლონეთში დასახლებისთვის აუცილებელი შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენის შემდეგ: 

  • - პოლონეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლის ფლობისა და ცხოვრებისთვის აუცილებელი საარსებო წყაროს (ფულადი რესურსი) ქონის  დამადასტურებელ საბუთს ან 
  • - საბუთს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის პოლონეთში იქნება საცხოვრებლითა და საარსებო წყაროთ (ფულადი) უზრუნველყოფილი. 

 

პოლონეთში დასახლების პირობების არსებობის მტკიცებულებად ითვლება საცხოვრებელი ადგილის/ბინის არანაკლებ 12 თვის ვადით კანონიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე, დამსაქმებლის დეკლარაცია დასაქმების შესახებ ან შრომითი ხელშეკრულება არანაკლებ 12 თვის ვადით. 

პოლონეთში დასახლების პირობების უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტებია: 

  1. რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის გადაწყვეტილება რეპატრიანტთა ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭების შესახებ; 
  2. მუნიციპალიტეტის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთში დასახლების აუცილებელი პირობების შესრულებას მინიმუმ 2 წლის ვადით ან 
  3. პოლონეთის მოქალაქის, პოლონეთის ტერიტორიაზე საქმის მწარმოებელი იურიდიული პირის ან ორგანიზაციის (არა იურიდიული პირის) დეკლარაცია/ცნობა, რომლის მიხედვითაც პოლონეთში დასახლების მსურველი პირი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. ამასთან, პოლონეთის მოქალაქის დეკლარაცია/ცნობა ვრცელდება მხოლოდ მის შთამომავლებზე, წინაპრებზე ან და-ძმაზე. 

პოლონეთში დასახლების პირობების არარსებობის შემთხვევაში,  კონსულს შეუძლია მხოლოდ გასცეს გადაწყვეტილება რეპატრიაციის უფლების მინიჭების/კვალიფიკაციის შესახებ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლონეთში დასახლების პირობების უზრუნველყოფა იქნება დადასტურებული, კონსული გასცემს რეპატრიაციის ვიზას. 

 

რეპატრიაციის კანდიდატს, რომელსაც არ აქვს უზრუნველყოფილი პოლონეთში დასახლების პირობები, კონსული წარუდგენს შემდეგ შემოთავაზებებს: 

  • - შემოთავაზება რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ საცხოვრებელი ადგილისა და საარსებო წყაროს უზრუნველყოფის თაობაზე; 
  • - შემოთავაზება რეპატრიანტთა ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭების შესახებ. 

ეს წინადადებები/შემოთავაზებები წარედგინება იმ თანმიმდევრობით, როგორც ხდება განაცხადის წარდგენა რეპატრიაციის ეროვნულ ვიზაზე. პირველ რიგში, აღნიშნული შემოთავაზებები ხელმისაწვდომია ეროვნული ან პოლიტიკური მიზეზების გამო დეპორტირებული და დევნილი პირებისთვის, რომელთა ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გამართლებულია/მიზანშეწონილია მათი სწრაფი რეპატრიაცია. 

 ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას  გასცემს რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. 

 

რეპატრიანტის ოჯახის წევრების სტატუსი, რომლებსაც არ აქვთ პოლონური წარმომავლობა 

თუ რეპატრიანტის მეუღლეს არ სურს ისარგებლოს რეპატრიაციის ვიზის მიღების შესაძლებლობით, მაგრამ აპირებს რეპატრიანტთან ერთად დასახლებას პოლონეთის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს განაცხადი წარადგინოს მუდმივ ბინადრობის ნებართვის მისაღებად. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელ მოქალაქეთა საქმეთა დეპარტამენტის (UDSC) უფროსი. 

 

ზემოაღნიშნული პროცედურა ასევე ვრცელდება რეპატრიანტის მეურვეობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანზე, თუ მეორე მშობელი არ ეთანხმება არასრულწლოვნის მიერ პოლონეთის მოქალაქეობის მიღებას. ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში, რეპატრიაციის  ეროვნული ვიზის მოთხოვნის განცხადებასთან ერთად ხდება მუდმივი ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების გაკეთება. 

 

რეპატრიანტთა ადაპტაციის ცეტრები 

რეპატრიანტთა ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭება ითვლება ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომელიც ადასტურებს პოლონეთში დასახლების პირობების უზრუნველყოფას. 

ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას  გასცემს რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. გადაწყვეტილება გაიცემა მას შემდეგ, რაც კონსული წარმოადგენს დაინტერესებული პირების წერილობით თანხმობას ადაპტაციის ცენტრში განთავსებაზე. გადაწყვეტილების გამოტანისას სრულუფლებიანი წარმომადგენელი ითვალისწინებს რეპატრიაციის ეროვნული ვიზის გაცემის ლოდინის დროს. 

ცენტრში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების/გაცემის საბოლოო ვადა არის  რეპატრიაციის ვიზის გაცემის თანხმობიდან მიღებიდან 3 წელი. თუ ცენტრებში არ მოიძებნება თავისუფალი ადგილი, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წლის ვადით. 

რეპატრიანტის ცენტრში ყოფნა გრძელდება 90  დღემდე. თუ რეპატრიანტი არ/ვერ დაიწყებს სამუშაოს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ან არ აქვს ახალი საცხოვრებელი ადგილი, რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით ცენტრში ყოფნა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 90 დღის ვადით. 

ადაპტაციის ცენტრებში რეპატრიანტები არიან უზრუნველყოფილნი: 

  • - შესაბამის ოთახში განთავსებით, რეპატრიანტის ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად; 
  • - კვების სრული პაკეტით, რომელშიც შედის დღეში სამჯერადი კვება, ერთი ცხელი კერძისა და სასმელების (უალკოჰოლო) ჩათვლით; 
  • - სამზარეულოსთან და სამზარეულოს აუცილებელ მოწყობილობობთან 24-საათიანი წვდომით, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ თავად მოიმზადონ კერძები; 
  • - ჰიგიენურ და სანიტარულ საშუალებებზე 24-საათიანი წვდომით; 
  • - პირადი ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო საშუალებებით, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი საშუალებებით; 
  • - საკუთარი ხარჯით სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობით. განსაკუთრებით დასაბუთებულ შემთხვევებში, ხარჯები შეიძლება დაფაროს ცენტრი; 
  • - უფასო ინტერნეტით; 
  • - ადაპტაციისა და ინტეგრაციის ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობით, აგრეთვე პოლონეთის ისტორიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების,  პოლონური ენის კურსებსა და პროფესიულ კურსებში მონაწილეობის საშუალებით. 

რეპატრიანტების ადაპტაციის ცენტრებში კურსები ტარდება (რეპატრიანტების მიერ გასაგებ ენაზე) შემდეგ საკითხებზე: 

  • - ჯანდაცვის სისტემა; 
  • - განათლების სისტემა; 
  • - საზოგადოებრივი უსაფრთხოება; 
  • - საოჯახო პოლიტიკა და სოციალური დახმარება; 
  • - შრომის ბაზარი და მშრომელთა უფლებები; 
  • - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ინვალიდობის ხარისხის სტატუსის მინიჭების პროცედურები. 

ადაპტაციის ცენტრებზე ზედამხედველობას ახორციელებს რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. 

 

რეპატრიანტის პირველი ნაბიჯები პოლონეთში ჩასვლის შემდეგ 

 პოლონეთში კონკრეტულ ადგილზე დასახლების შემდეგ რეპატრიანტები ვალდებულნი არიან: 

  1. ადგილობრივ სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დაარეგისტრირონ მოწმობები სამოქალაქო სტატუსის შესახებ (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.). რეგისტრაციისას აუცილებელია დოკუმენტების პოლონურ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელმაც განაცხადი შეიტანა რეპატრიაციის ვიზის გაცემის თაობაზე, პოლონეთში ჩამოსვლამდე მიმართავს კონსულს სამოქალაქო სტატუსის შესახებ პოლონური მოწმობის გაცემის თაობაზე(შემდეგ კონსული განაცხადს და დოკუმენტაციას უგზავნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსს, რომელიც იქნა შერჩეული რეპატრიაციის ვიზაზე განმცხადებლის მიერ); 
  2. მიმართონ სავოევოდოს უცხოელთა სამსახურს (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად), ვოევოდასგან პოლონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის მიზნით. აღნიშნული საბუთი გაიცემა პასპორტის საფუძველზე, რომელშიც ჩაწებებულია რეპატრიაციის ეროვნული ვიზა. გარდა ამისა, რეპატრიანტმა უნდა წარადგინოს პოლონური სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული მოწმობები სამოქალაქო სტატუსის შესახებ (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.); 
  3. განაცხადით მიმართონ ქალაქის მერიას ან მუნიციპალიტეტის გამგეობას პირადობის მოწმობის გაცემის, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დარეგისტრირებისა და PESEL ნომერის/პირადობის ნომერის მინიჭების მიზნით. 

რეპატრიანტის პირველი ნაბიჯები პოლონეთში ჩასვლის შემდეგ 

 

1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 

რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით რეპატრიანტი და მის ოჯახის წევრები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას. ფულადი დახმარება განკუთვნილია: 

  1. პოლონეთში მგზავრობისა (თვითმფრინავით ან მანქანით) და ბარგის ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად. ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს რეპატრიანტის პოლონეთში საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე მატარებლის სადგურიდან მის საცხროვებელ ადგილამდე მატარებლით მგზავრობის ბილეთის გაორმაგებული ფასს. 
  2. აკლიმატიზაცასა და ყოველდღიური ხარჯების დასაფარავად. დახმარება შეადგენს საშუალო თვიური ბრუტო ხელფასის გაორმაგებულ ოდენობას. 
  3. სავალდებულო საბაზო განათლების სასწავლებელში მყოფი არასრულწლოვნის მიერ პოლონეთში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად.  თითოეული არასრულწლოვანზე დახმარების ოდენობა შეადგენს საშუალო თვიური ხელფასის ოდენობას.
    მგზავრობის ხარჯების დასაფარავად ფულადი დახმარების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ასევე კონსულს. ეს ეხება იმ პირებს, რომლებზეც კონსულმა გასცა რეპატრიაციის ვიზა და რომლებსაც არ აქვთ საკმარისი თანხები პოლონეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ხარჯების დასაფარავად. 

2. ფინანსური დახმარება საცხოვრებელი ადგილის გარემონტების, ადაპტაციის ან საყოფაცხოვრებო აღჭურვილობისთვის 

განაცხადის საფუძველზე, რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი სტაროსტა (Starosta) გასცემს ფულად დახმარებას საცხოვრებელი ადგილის გარემონტების, ადაპტაციის ან საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის ხარჯების ნაწილობრივ დასაფარავად. 

დახმარების მაქსიმალური ოდენობაა 6000 ზლოტი რეპარტიანტისთვის და მის თითოეული ახლო ოჯახის წევრისთვის. დახმარების ოდენობა ყოველწლიურად იცვლება. 

რეპატრიანტს შეუძლია წარადგინოს ზემოაღნიშნული განცხადება პოლონეთის მოქალაქეობის მიღების დღიდან ორი წლის განმავლობაში. 

 

3. ფინანსური დახმარება საცხოვრებელი ადგილის საჭიროების დასაკმაყოფილებლად  

საცხოვრებელი ადგილის საჭიროების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი ფულადი დახმარების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებია: 

  1. განმცხადებლის პოლონეთის მოქალაქე ნათესავის (წინაპარი, შთამომავალი, და ან ძმა) დეკლარაცია/ცნობა, რომლიდანაც ირკვევა, რომ განმცხადებელი პოლონეთში უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი პირობებით მინიმუმ 2 წლის ვადით ან 
  2. რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელის გადაწყვეტილება ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭების შესახებ 

ფულადი დახმარება გაიცემა, როგორც დამატება (არა მთლიანი) შემდეგ ხარჯებზე: 

  • - საცხოვრებელი სახლის ან ბინის ქირა (არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასისა); 
  • - სტუდენტურ საცხოვრებელში განსახლების საფასური (თვეში 300 ზლოტამდე); 
  • - საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენის ხარჯები (თვეში 300 ზლოტამდე). 

ხსენებული ფინანსური დახმარება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ზლოტს რეპატრიანტისთვის და მისი ახლო ოჯახის თითოეული წევრისთვის (25 000 ზლოტი თითოეულ წევრზე). 

აღნიშნული ფულადი დახმარება შეიძლება გაიცეს რეპატრიანტის პოლონეთში ჩამოსვლის ან ადაპტაციის ცენტრის დატოვების დღიდან არაუგვიანეს 10 წლის ვადაში. 

 

 გაწეული ფულადი დახმარების უკან დაბრუნება 

რეპატრიანტი ვალდებულია უკან დააბრუნოს დახმარების მიღებიდან გასული ყოველი წლის თანხა, შემცირებული თანხის 10% -ით , იმ შემთხვევაში თუ ფინანსური დახმარების გამოყენებით შეძენილ ბინას/სახლს გაყიდის 10 წლის გასვლამდე.  

რეპატრიანტს თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ აქვს თუ: 

  1. უძრავი ქონების გაყიდვიდან 180 დღის ვადაში რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიან წარმომადგენელს წარუდგენს სანოტარო აქტის ამონაწერს, რომელიც ადასტურებს მის მიერ სხვა საცხოვრებელი ბინის/სახლის შეძენას; 
  2. სხვა საცხოვრებელი ბინის ან სახლის შეძენის ღირებულება არ არის უკან დასაბრუნებელ თანხაზე ნაკლები. 

 

4. მუნიციპალიტეტის დახმარება საცხოვრებლის განახლების, ადაპტაციის ან მოწყობის ხარჯების დასაფარავად

მუნიციპალიტეტს შეუძლია დახმარება გაუწიოს რეპატრიანტს საცხოვრებლის განახლების, ადაპტაციის ან საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის შეძენაში. აღნიშნული მიზნისთის, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს 6000 ზლოტ სუბსიდიას რეპატრიანტისთვის და მისი ახლო ოჯახის თითოეული წევრისთვის. 

დახმარება, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებლის რემონტს, ადაპტაციას ან მოწყობას რეპატრიანტი ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში თუ ის მუნიციპალიტეტის მიერ არის საცხოვრებლით უზრუნველყოფილი.

5. პოლონური ენის სწავლასა და ცხოვრების ახალ პირობებთან ადაპტირებაში დახმარება

რეპატრიანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პოლონური ენისა და ადაპტაციის უფასო კურსებში. 

კურსებს უზრუნველყოფს საზღვარგარეთ პოლონური განათლების განვითარების ცენტრი (Ośrodek Rozwoju Polskiej Edukacji za Granicą). განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებ – გვერდიდან www.orpeg.pl. 

გარდა ამისა, რეპატრიანტთა ადაპტაციის ცენტრებში რეპატრიანტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადაპტაციისა და ინტეგრაციის კურსებში, ისტორიის, ტრადიციებისა და ადათ-წესების გაკვეთლებში, აგრეთვე პოლონური ენის გაკვეთილებსა და პროფესიულ კურსებში.

6. ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის პირველ პერიოდში

რეპატრიანტებს აქვთ უფლება ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით პოლონეთში შემოსვლიდან 90 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ისინი ექვემდებარებიან ჯანდაცვის იგივე რეგულაციებს, როგორც პოლონეთის ყველა მოქალაქე. 

უნდა გახსოვდეთ, რომ ზემოხსენებული შეღავათების უფასო გამოყენება არ არის დაკავშირებული ადაპტაციის ცენტრში ყოფნის დროსთან. განსაკუთრებულ სიტუაციებში რეპატრიანტი შეიძლება ადაპტაციის ცენტრში დარჩეს 180 დღემდე, მაგრამ ეს არ ახანგრძლივებს უფასო ჯანდაცვით სარგებლობის პერიოდს.

7. რეპატრიანტების პროფესიული გააქტიურება

რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სტაროსტა (Starosta) რეპატრიანტის პროფესიული გააქტიურებას უზრუნველყოფს შემდეგი გზებით: 

  1. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებით; 
  2. რეპატრიანტის დასაქმებისათვის დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებით (მაგ. სამუშაო ადგილის შექმნა, ტრენინგი, ანაზღაურება). 

პროფესიული გააქტიურების ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია რეპატრიანტის მიერ პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვებიდან არა უგვიანეს 5 წლის ვადაში და იმ პირობით, რომ რეპატრიანტი დასაქმებულია მინიმუმ 24 თვის ვადით. 

 შეიძლება გამოყენებული იქნას პროფესიული გააქტიურების ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ფორმა. მაგრამ, ხარჯების საერთო ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს პირველი ხელშეკრულების გაფორმების თარიღამდე (წინა) კვარტლის საშუალო თვიური ხელფასს გაზრდილს 12-ჯერ. 

8. რეპატრიანტის მხარდამჭერი პირი

რეპატრიანტს შეიძლება დაენიშნოს პირი, რომელიც მხარს დაუჭერს მის ინტეგრაციას. რეპატრიანტის განაცხადის საფუძველზე, ასეთი პირი შეიძლება დანიშნოს მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელობამ (wójt, burmistrz, prezydent miasta), მას შემდეგ, რაც რეპატრიანტი დაასაბუთებს თავის კონკრეტულ სიტუაციას/საჭიროებას. 

დასაბუთებად შეიძლება ჩაითვალოს: 

  • - ხანშიშესულობა; 
  • - ჯანმრთელობის მდგომარეობა; 
  • - ადაპტაციის უნარის არქონა; 
  • - პოლონური ენის არასაკმარისი ცოდნა; 

დამხმარე პირის მხარდაჭერა მოიცავს: 

  • - ისეთ საკითხებში დახმარებას და ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა - სამედიცინო მომსახურება, განათლება, სოციალური დახმარება და დასაქმება; 
  • - ზემოაღნიშნულ საკითხებში რეპატრიანტისთვის დახმარების გაწევას, განსაკუთრებით კი რეპატრიანტის სახელით ოფიციალური წერილების/განცხადებების მომზადებაში დახმარებას; 
  • - ხანშიშესულ რეპატრიანტთა დახმარებას ექიმთან ვიზიტის დროს. 

რეპატრიანტის თანხმობის შემთხვევაში, რეპატრიანტის დასახმარებლად საჭირო ინფორმაციის მისაღებად, დამხმარე პირს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებს. 

დამხმარე პირი ინიშნება არაუმეტეს 2 წლის ვადით. 

 

 

შეაფასეთ

დაამატეთ გამოხმაურება
What is the sum of 7 and 2?